სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება #1/01-11 - 2012 წლის 2 აგვისტო
მოსამართლემ დაარღვია საქმისწარმოების ვადები, კერძოდ: დასაბუთებული განჩინების მხარეზე გადაცემისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა; სააპელაციო საჩივრის შემოსვლისას საქმის მასალების სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნის 5-დღიანი ვადა; განჩინების ასლის მოთხოვნისას მისი მხარეზე გადაცემის 3-დღიანი ვადა. სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებებს უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია, მხარის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს არ მისდგომია ზიანი. სადისციპლინო კოლეგიამ გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი რეპუტაცია, გადაცდომების შინაარსი, სიმძიმე, შედეგები და დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო მიზანშეუწონლად ჩათვალა დისციპლინური სახდელის გამოყენება და მოსამართლეს მიმართა კერძო სარეკომენდაციო ბარათით.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება #1/02-11 - 2012 წლის 2 აგვისტო
რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე პირადი განცხადების საფუძველზე ამოირიცხა რეზერვიდან, რის გამოც მის მიმართ შეწყდა დისციპლინური სამართალწარმოება.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება #1/01-12 - 2012 წლის 2 აგვისტო
სამოქალაქო საქმის განხილვისას მოსამართლემ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადებაზე იმსჯელა გონივრული ვადის დარღვევით. მოსამართლემ ასევე დაარღვია სააღსრულებლო ფურცლის გაცემის 3-დღიანი ვადა. სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულით მოსამართლემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა - მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება. სახდელის შერჩევისას სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო მოსამართლის საქმიანი და მორალური რეპუტაცია, დისციპლინური გადაცდომების შინაარსი, სიმძიმე და შედეგები და მოსამართლეს შეუფარდა დისციპლინური სახდელი - შენიშვნა.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება #1/02-12 - 2012 წლის 26 ოქტომბერი
სააპელაციო სასამართლოს პალატამ მხარეს გაუგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილი განსხვავდებოდა იმავე საქმეზე მხარისათვის გადაცემული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილისგან (ანუ ერთი და იმავე საქმეზე მხარეებს ჩაბარდათ ორი განსხვავებული გადაწყვეტილება). კერძოდ, სხვა ტექნიკურ განსხვავებებთან ერთად, სარეზოლუციო ნაწილში ამოღებულ იქნა სიტყვები „აუნაზღაურდეს . . . იძულებითი განაცდური ახალი აქტის გამოცემამდე“. მოგვიანებით სასამართლომ თავისი ინიციატივით გაასწორა დაშვებული შეცდომა და მიიღო განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ. სადისციპლინო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოსამართლეებმა ჩაიდინეს დისციპლინური გადაცდომა: მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება. აღნიშნული წინააღმდეგობები სასამართლოს მიერ გამოცემულ აქტებს შორის არღვევდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს (მიუხედავად იმისა, რომ გამოსწორდა თავად სასამართლოს ინიციატივით), გავლენას ახდენდა გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგზე და ზიანს აყენებდა მხარის ინტერესებს. მოსამართლეებს დაეკისრათ დისციპლინური სახდელი - საყვედური.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება #1/03-12 - 2013 წლის 12 აპრილი
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სამოქალაქო საქმეზე სარჩელი არ დააკმაყოფილა, მან განუმარტა მხარეებს ის საკითხები, რომლებიც მითითებული ჰქონდა გადაწყვეტილებაში. თუმცა, მოსარჩელეს და მის მეუღლეს განმარტებები მისცა ისეთ საკითხებზეც, რაც ცილდებოდა გადაწყვეტილების შინაარსს. მან ასევე საუბრის დროს ფამილარულად მოიხსენია მხარის წარმომადგენელი. სადისციპლინო კოლეგიამ განმარტა, რომ ერთის მხრივ, მოსამართლეს აქვს უფლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ განმარტოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ, მეორეს მხრივ, მან უნდა გამოიჩინოს დიდი სიფრთხილე და არ უნდა გაცდეს გადაწყვეტილების განმარტების შინაარსს. ასევე, მოსამართლეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, მოსამართლე არ უნდა იქცეოდეს თანამდებობისათვის შეუფერებლად. ის ვალდებულია, ღირსებითა და სათანადო თავაზიანობით ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებს და დამსწრე საზოგადოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო კოლეგიამ მოსამართლე ბრალეულად ცნო მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებასა და სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევაში. იმის გამო, რომ მოსამართლის ქმედებას რაიმე უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია (დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო), კოლეგიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა დისციპლინური სახდელის გამოყენება და მოსამართლეს მიმართა კერძო სარეკომენდაციო ბარათით.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება #1/04-12 - 2013 წლის 12 აპრილი
მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად მიუთითა გასაჩივრების ვადა: 7 დღის ნაცვლად მიუთითა 14 დღეზე. სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა რომ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სამართლებრივი შეცდომა და დისიპლინური გადაცდომა. ამისთვის მხედველობაში უნდა მივიღოთ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, მისი ხარისხი, განმეორებითი და არაერთგზისი ხასიათი, მოსამართლის კეთილსინდისიერება, მისი მოტივი. ამ კრიტერუმებზე დაყრდნობით კოლეგიამ დაადგინა, რომ მოსამართლის ქმედება ექცეოდა სამართლებრივი შეცდომის კატეგორიაში და მოსამართლე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
დეტალური ინფორმაცია 2004-2013 წლებში განხილულ დისციპლინურ საქმეთა შესახებ იხილეთ აქ