სადისციპლინო კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება 1/04-12

 

 

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

 

             

 

საქმე №1/04-12

12 აპრილი, 2013 წ.

თბილისი

 

საქართველოს  საერთო  სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე -  ლაშა კალანდაძე

     წევრები:    მამია ფხაკაძე

                                გიორგი შავლიაშვილი

 

მდივანი – ეკატერინე თავდუმაძე

 

მხარეები:

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი __________ __________;

__________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ;

 

დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიმართ და

 

         :

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, __________ __________ განცხადების (რეგისტრაციის №____) საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება __________ __________ სასამართლოს მოსამართლე (სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის __________ __________ სასამართლოს მოსამართლე) __________ __________ მიმართ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება – ჩადენისათვის.

მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოება: __________ __________ სასამართლოს (მოსამართლე __________ __________) 2012 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიან ვადაზე, ნაცვლად 7 დღისა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა __________ __________ სრულად დაუჭირა მხარი დისციპლინურ ბრალდებას და მოითხოვა მოსამართლე __________ __________ მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადგენილად ცნობა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად მიიჩნია დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, სადისციპლინო კოლეგიას ავალდებულებს, დაადგინოს ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ, „...ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საკითხი იმის შესახებ, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად სასამართლოს 7 დღე უნდა მიეთითებინა თუ 14 დღე, სცილდება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით სადისციპლინო კოლეგიისათვის მინიჭებული საქმის განხილვის ფარგლებს.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ უნდა გამართლდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია აღნიშნავს, რომ  დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არის უაღრესად საფრთხილო და მნიშვნელოვანი საკითხი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შეიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების პოტენციურ საფრთხეს, ამიტომ ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს ზუსტად უნდა დადგინდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და, შესაბამისად, განისაზღვროს დისციპლინური სახდელი. მოსამართლეს დისციპლინური სახდელი ეკისრება, თუ დადასტურდება მის მიერ იმ ქმედების ბრალეულად ჩადენა, რომელიც წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი არის მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის ზუსტად განსაზღვრას, რომ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მოსამართლეს არ დაუშვია სამართლებრივი შეცდომა. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ დისციპლინური გადაცდომა და სამართლებრივი შეცდომა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ დისციპლინური გადაცდომისა და სამართლებრივი შეცდომის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი არის შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, მოსამართლემ დაუშვა შეცდომა, მაგრამ იგი ექვემდებარება გამოსწორებას. შეცდომის გამოსწორების უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრება, უსწორობის გასწორება, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრა, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. გადაწყვეტილების გასაჩივრებით შესაძლებელია, ზემდგომმა სასამართლომ აღმოფხვრას ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომა. უსწორობის გასწორებით, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრით ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით კი, უშუალოდ შეცდომის დამშვები სასამართლო ასწორებს შეცდომას. ამდენად, ზემოაღნიშნული მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელია დაშვებული შეცდომის შეცვლა და მისი გამოსწორება იმავე ან ზემდგომი სასამართლოს მიერ, რაც გამორიცხავს რაიმე უარყოფითი შედეგის მიღებას. მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია, არ წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას. აღნიშნული კვალიფიცირდება სამართლებრივ შეცდომად და დაუშვებელია ამ საფუძვლით მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრება.

დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაშვებული შეცდომის ხარისხს. თუ მოსამართლის მიერ დაშვებულია ისეთი უმნიშვნელო შეცდომა, რომელსაც არ მოჰყოლია მხარეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა და არც რაიმე უარყოფითი შედეგი მიღებულა, მაშინ მცირე დარღვევის გამო, ქმედება მიიჩნევა სამართლებრივ შეცდომად, თუმცა შესაძლებელია მოსამართლემ ისეთი შეცდომა დაუშვას, რომელსაც შედეგად საჯარო წესრიგის დარღვევა მოჰყვეს. საჯარო წესრიგის კონცეფცია გამოხატავს სახელმწიფოს ძირითად და ფუნდამენტურ სამართლებრივ (მათ შორის მორალურ) პრინციპებს და მისი დარღვევით ილახება არა მარტო კონკრეტული სამართალ-ურთიერთობის მონაწილეთა უფლებები, არამედ იმავდროულად იგი ვნებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ინტერესს, შესაბამისად, თუ დაშვებულია ისეთი  შეცდომა, რამაც გამოიწვია საჯარო წესრიგის დარღვევა, მაშინ მოსამართლის მიერ დაშვებულ შეცდომას შეიძლება მიენიჭოს დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია.

დაშვებული შეცდომების განმეორებითი ხასიათი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც სამართლებრივ შეცდომას მიჯნავს დისციპლინური გადაცდომისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს, რამდენად იყო მოსამართლე ინფორმირებული მისი ქმედების არამართებულობის შესახებ. თუ დადგინდება, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროს მოსამართლის მიერ სხვადასხვა სახის სამართლებრივი შეცდომების დაშვებისას ან ერთი სახის შეცდომის განმეორებით ჩადენისას, მოსამართლემ არ იცოდა მისი ქმედების არამართებულობის შესახებ და მიიჩნევდა, რომ მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, მაშინ ქმედება მიიჩნევა სამართლებრივ შეცდომად, ხოლო მოსამართლის მიერ დაშვებული სამართლებრივი შეცდომა არ წარმოადგენს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველს.

თუ დადგინდება, რომ მოსამართლემ ქმედება განმეორებით ჩაიდინა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ქმედების არამართებულობის შესახებ, ანუ მოსამართლემ წინასწარ იცოდა, რომ უშვებდა შეცდომას და მაინც ჩაიდინა, მაშინ მოსამართლის ქმედება სცდება სამართლებრივი შეცდომის ფარგლებს და შესაძლებელია, დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

თუ მოსამართლემ ერთი ან რამდენიმე შეცდომა დაუშვა და დადგინდება, რომ აღნიშნული შეცდომის დაშვებაში მოსამართლეს არ მიუძღვის ბრალი ან მისი ბრალეულობის ხარისხი მინიმალურია, მაშინ ქმედება კვალიფიცირდება სამართლებრივ შეცდომად.

გამიჯვნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის მოსამართლის მოტივი, მისი კეთილსინდისიერება. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსამართლე ვალდებულია, მასზე დაკისრებული მოვალეობები განახორციელოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სათანადო გულისხმიერებით; იგი უნდა მოქმედებდეს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის საფუძველზე; მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებაში და მან მართლმსაჯულება უნდა განახორციელოს შინაგანი რწმენისა და კანონის საფუძველზე; მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს არა მარტო მაშინ, როცა მართებულად მოქმედებს, არამედ იმ დროსაც, როცა არამართებულად მოქმედებს, თუმცა მიაჩნია, რომ მართებულია, შესაბამისად, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის ზუსტად დადგენას, როგორია მოსამართლის მოტივი, მისი დამოკიდებულება დაშვებული შეცდომის მიმართ, რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა იგი.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ მოსამართლის ქმედება, რომელსაც საფუძვლად უდევს შინაგანი რწმენა, არ შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, კერძოდ, თუ მოსამართლე დაუშვებს შეცდომას, მაგრამ დადგინდება, რომ იგი უფლებამოსილებას ახორციელებდა შინაგანი რწმენისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე, მიიჩნევდა, რომ მოქმედებდა მართლზომიერად და არ გააჩნდა პირადი ინტერესი, მაშინ აღნიშნული საფუძვლით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია, ვინაიდან ის პირდაპირ უქმნის საფრთხეს მოსამართლის ხელშეუხებლობას და მთლიანად სასამართლოს დამოუკიდებლობას, შესაბამისად, მოსამართლის ქმედება არ მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და მას არ დაეკისრება დისციპლინური სახდელი. აღნიშნული წარმოადგენს სამართლებრივ შეცდომას.

თუ დადგინდება, რომ შეცდომის დაშვებისას, მოსამართლემ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა ან/და ის მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, მიკერძოებულად, მას გააჩნდა რაიმე პირადი ინტერესი ან მიიღო სარგებელი, მაშინ მის ქმედებას დისციპლინური გადაცდომის კვალიფიკაცია მიენიჭება.

ამდენად, შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, მისი ხარისხი, განმეორებითი და არაერთგზისი ხასიათი, მოსამართლის კეთილსინდისიერება, მისი მოტივი ­_ არის ძირითადი ფაქტორები, რაც ქმნის მიჯნას დისციპლინურ გადაცდომასა და სამართლებრივ შეცდომას შორის, შესაბამისად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს მოსამართლის ქმედებას ზუსტად უნდა მიენიჭოს კვალიფიკაცია. მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიეცეს დისციპლინურ პასუხისგებაში, თუ დადგინდება, რომ მისი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, ხოლო, თუ ქმედება ექცევა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში, მოსამართლე უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან. აღნიშნული პრინციპის ურყევი შესრულება პირდაპირ არის დაკავშირებული მოსამართლის ხელშეუხებლობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებასთან.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე, 47-ე, 29-ე მუხლებით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით, 52-ე, 57-ე მუხლებით და

 

:

 

1. __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ გამართლდეს წარდგენილ დისციპლინურ ბრალდებაში;

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებსა და ორგანოებს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში,  გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.

 

 

     თავმჯდომარე       ლ. კალანდაძე

     

            წევრები:       მ. ფხაკაძე

 

                                გ. შავლიაშვილი

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI