საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1997 წლამდე მოსამართლეთა დისციპლინურ საქმისწარმოებას არეგულირებდა 1990 წლის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“, 1991 წლის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, მოსამართლეთა და მსაჯულთა გაწვევისა და ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ და 1990 წლის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლის სტატუსის შესახებ“.
მოსამართლეთა სტატუსის შესახებ კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენდა სასამართლო საქმეების განხილვისას კანონის დარღვევა, სხვა სამსახურებრივი გადაცდომა და სახელის გამტეხი საქციელი.
იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით, დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებით სარგებლობდნენ საქართველოს რესპუბლიკის და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეები და იუსტიციის მინისტრები, ხოლო დისციპლინურ საქმეებს არსებითად იხილავდნენ შესაბამისი სასამართლოს საკვალიფიკაციო კოლეგიები, რომლებიც არჩეული იყვნენ იმავე სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ (მოსამართლეთა სტატუსის შესახებ კანონის მე-14 მუხლი). საქმის განხილვის შედეგად საკვალიფიკაციო კოლეგია უფლებამოსილი იყო, დისციპლინური სახდელის სახით გამოეყენებინა შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური. დისციპლინურ დევნის აღძვრის უფლებამოსილების მქონე პირების მომართვის საფუძველზე, საკვალიფიკაციო კოლეგიები ასევე მსჯელობდნენ მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება დაიშვებოდა მხოლოდ მოსამართლის მიერ კანონის უხეში დარღვევისა ან მოსამართლის მაღალ წოდებასთან შეუთავსებელი, სახელის გამტეხი საქციელისათვის (საქართველოს რესპუბლიკის მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, მოსამართლეთა და მსაჯულთა გაწვევისა და ვადამდე გათავისუფლების შესახებ კანონის მე-19 მუხლი), ხოლო საკვალიფიკაციო კოლეგიის დასკვნის საფუძველზე მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებდა მისი დამნიშნავი ორგანო (იმავე კანონის 21-ე მუხლი).
1997 წელს მიღებულ იქნა ორგანული კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ”, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. ამ კანონის 56-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენდა ა) საქმეთა განხილვისას დაშვებული კანონის დარღვევა; ბ) შრომის დისციპლინის დარღვევა; გ) სასამართლოს ავტორიტეტის, ან მოსამართლის ღირსების შემლახველი ქმედება; დ) კანონით დაცული იმ საიდუმლოების გამჟღავნება, რომელიც მოსამართლისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობისა თუ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული კანონის 57-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს, სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხოლო ამავე კანონის 59-ე მუხლით _ დისციპლინურ საქმეთა განხილვის უფლებამოსილება დაეკისრა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.
კანონის 58-ე მუხლით განისაზღვრა დისციპლინური სახდელი სახეები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სასამართლოს თავმჯდომარის, პირველი მოადგილის ან მოადგილის და კოლეგიის თავჯმდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში არსებული მოცემულობები კიდევ უფრო დაკონკრეტდა და განივრცო საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 სექტემბერის #534 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ". აღნიშნული დებულებით დაზუსტდა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საბაბი, სამართალწარმოების ვადები და ეტაპები, მხარეთა უფლებამოვალეობანი, სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი და სხვ. დებულების მე-15 მუხლის თანახმად, ყველა მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საქმეებს არსებითად განიხილავდა უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია, რომლის წევრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი, თანახმად ამ კანონის მე-16 მუხლისა.
2000 წლის 23 თებერვალს მიღებულ იქნა კანონი ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, რომელიც მნიშვნელოვნად დაეფუძნა საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 სექტებმრის ბრძანებულების დებულებებს, თუმცა ამავდროულად მრავალი ნოვაცია შემოიტანა. კანონით გათვალისწინებულ იქნა დისციპლინური სახდელებისა და ზემოქმედების ღონისძიებების ორკვალიანი სისტემა, შემოღებული იქნა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და ა. შ.
კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დისციპლინური დევნის აღმძვრელი ორგანო ქმნიდა სადისციპლინო კომისიას 3 წევრის შემადგენლობით, რომელიც დისციპლინური საქმის გამოკვლევის შემდეგ წარმოადგენდა შესაბამის დასკვნას. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე წყვეტდა მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხს. დისციპლინურ საქმეს არსებითად იხილავდა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 12-წევრიანი სადისციპლინო საბჭოს კოლეგია 3 წევრის შემადგენლობით. კოლეგიის გადაწყვეტილება საჩივრდებოდა სადისციპლინო საბჭოში და მისი განხილვისას გადაწყვეტილების გამომტან კოლეგიის წევრებს არ შეეძლოთ საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება (62-ე მუხლი).
მისი მიღებიდან დღემდე, აღნიშნულმა კანონმა მრავალი ცვლილება განიცადა, რომლებიც შეეხო, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, ასევე, საქმისწარმოების წესებს და მასში მონაწილე სუბიექტების უფლებამოსილებებს. 2004 წლის 30 ივნისს მიღებული ცვლილებით სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობა 8, ხოლო სადისციპლინო კოლეგიის _ 4 წევრით განისაზღვრა. 2005 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, გათვალისწინებულ იქნა სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების შესაძლებლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
2005-2006 წლებში შეტანილი ცვლილებებით დისციპლინურ საქმეთა არსებითი განხილვა დაეკისრა 6 წევრისგან შემდგარ სადისციპლინო კოლეგიას, რომლის 3 მოსამართლე წევრს ირჩევდა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 3 არამოსამართლე წევრს _ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების ვადა შეადგენდა 2 წელს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა კანონმდებლობამ 2012-2013 წლებში: ამოღებულ იქნა კანონის უხეში დარღვევა, როგორც დისციპლინური გადაცდომის სახე, გათვალისწინებულ იქნა დისციპლინური საჩივრის ავტორის ინფორმირებულობა, სავალდებულო გახდა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ა.შ.
2013 წლის პირველ მაისს განხორციელებული ცვლილებებით სადისციპლინო კოლეგია დაკომპლექტდა იმ ფორმით, როგორიც არის დღეს - 3 მოსამართლე და 2 არამოსამართლე წევრი.
დღეს მოქმედი კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ასეთი წევრები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.