ხშირად დასმული კითხვები

1. შემიძლია თუ არა შევიტანო საჩივარი მოსამართლის წინააღმდეგ?

იხილეთ პასუხი

მოსამართლის მიერ დანაშაულის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი ან განცხადება. თუ თქვენ თვლით, რომ მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, მაშინ საჩივარი (განცხადება) წარდგენილ უნდა იქნას პროკურატურაში, ხოლო დისციპლინური გადაცდომის დროს - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან მეოთხე შეკითხვაში მითითებულ ერთ-ერთ თანამდებობის პირთან)


2. რა განსხვავებაა დანაშაულსა და დისციპლინურ გადაცდომას შორის?

იხილეთ პასუხი

დანაშაული და დისციპლინური გადაცდომა ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც დარღვევის სიმძიმის, ასევე, შესაძლო იურიდიული შედეგების მიხედვით.

დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომლის ჩამდენს პირს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი (რაც თავის მხრივ შედეგად იწვევს პირის ნასამართლობას). დანაშაულის ჩადენისას მოსამართლე ისევე აგებს პასუხს კანონის წინაშე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.

დისციპლინური გადაცდომა არის “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონით გათვალისწინებული დარღვევა, რომლის გამოც მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა აუცილებლად გამოიწვევს მის თანამდებობიდან გათავისუფლებას (სხვა სამართლებრივ შედეგებთან ერთად), ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება (იხილეთ მე-10 შეკითხვა).


3. რა სახის დისციპლინური გადაცდომები არსებობს?

იხილეთ პასუხი

”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

  • კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება; [1]
  • მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა;
  • მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;
  • საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება;
  • მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
  • მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;
  • დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა;
 

[1] კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

 


4. სად წარვადგინო დისციპლინური საჩივარი (განცხადება) და რა ფორმით?

იხილეთ პასუხი

თუ მიგაჩნიათ, რომ მოსამართლემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, თქვენ შეგიძლიათ საჩივრით (განცხადებით) მიმართოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან თბილისის ან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს. [2]

თქვენი საჩივარი (განცხადება) უნდა პასუხობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. ანონიმური საჩივარი ან განცხადება არ მიიღება. სასურველია საჩივარს (განცხადებას) თან დაურთოთ ის წერილობითი თუ სხვა მტკიცებულებები, რომლებიც თქვენი აზრით ადასტურებენ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას.

 


[2] შესაბამისი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას მიკუთვნებული სასამართლოს მოსამართლის მიმართ. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: ახალქალაქის, ახალციხის, ბოლნისის, გორის, გურჯაანის, თეთრიწყაროს, თელავის, მცხეთის, სიღნაღის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის, ხაშურის რაიონული და თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება ამბროლაურის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერის, ხელვაჩაურის რაიონული და ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.


5. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში შემიძლია თუ არა უშუალოდ მივმართო სადისციპლინო კოლეგიას?

იხილეთ პასუხი

”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ;

ბ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ (ან მისი მოვალეობის შემსრულებელმა) – შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის მიმართ;

გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ.

შესაბამისად, მოსამართლის მიმართ საჩივარი (განცხადება) წარდგენილი უნდა იქნას ერთ-ერთ ზემოთჩამოთვლილ თანამდებობის პირთან (ორგანოში).  

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისათვის უშუალოდ მიმართვის უფლებას კანონი არ ითვალისწინებს.


6. რა ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება?

იხილეთ პასუხი

კანონის თანახმად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეიძლება დაიწყოს თუ არსებობს:

ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება, გარდა ანონიმური საჩივრისა ან განცხადებისა;

ბ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ;

გ) გამოძიების ორგანოს შეტყობინება;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს;

ე) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.


7. რით განსხვავდება ერთმანეთისგან დისციპლინური საჩივრის შეტანა და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება?

იხილეთ პასუხი

დისციპლინური საჩივრის შეტანა და მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება ერთმანეთისგან განსხვავდება სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით.

სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს (მოსარჩელე, მოპასუხე, მსჯავრდებული, პროკურორი და ა. შ.) შეუძლია ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომ სასამართლოში და მოითხოვოს ამ გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა.

რაც შეეხება დისციპლინურ სამართალწარმოებას, დისციპლინური საჩივრის შეტანა მოსამართლის წინააღმდეგ არ გამოიწვევს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ან შეცვლას. ამ საჩივრის განხილვას  შედეგად შეიძლება მოყვეს მოსამართლის ბრალეულად ცნობა და მის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრება.

ამდენად, დისციპლინური სამართალწარმოების წესით განიხილება   მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური ხასიათის გადაცდომის ჩადენა და არა მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერება.


8. მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვის რა ძირითადი სტადიები არსებობს?

იხილეთ პასუხი

მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება მოიცავს შემდეგ ძირითად სტადიებს:

ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის (განცხადების) საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება;

ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური საქმის გამოკვლევა (მოსამართლისათვის ახსნა–განმარტების ჩამორთმევა) და მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადაწყვეტა;

გ) დისციპლინური საქმის განხილვა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში;

დ) სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილი  საჩივრის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. 


9. როგორ ხდება დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელ ორგანოთა ფორმირება?

იხილეთ პასუხი

კანონის მიხედვით დისციპლინურ სამართალწარმოებას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან.

საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო - მოსამართლეთა კონფერენცია, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ხოლო იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ასეთი წევრები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით.

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.


10. როგორ მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში?

იხილეთ პასუხი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  დისციპლინური სამართალწარმოება მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:  პირველ ეტაპზე ხდება საჩივრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება, ხოლო მეორე ეტაპი წარმოადგენს დისციპლინური საქმის გამოკვლევას. განვიხილოთ ეს ეტაპები: 

1. წინასწარი შემოწმება: მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მიღებიდან 2 თვეში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე)  წინასწარ ამოწმებს მის საფუძვლიანობას. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.

წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აფასებს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას. თუ ის ჩათვლის, არსებობს საკმარისი საფუძველი, ის  იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის წყვეტს სამართალწარმოებას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გადაწყვეტილება დევნაზე უარის თქმის თაობაზე განსახილველად წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელსაც შეუძლია დაეთანხმოს მას ან მიიღოს მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.

თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტს ახსნა-განმარტების ჩამორთმევას, მაშინ სამართალწარმოება გადადის შემდეგ ეტაპზე და ხორციელდება დისციპლინური საქმის გამოკვლევა

2. დისციპლინური საქმის გამოკვლევა იწყება მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევით. ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც წარმოებს დისციპლინური დევნა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია ახსნა-განმარტება ჩამოართვას საჩივრის (განცხადების) ავტორს. დისციპლინური საქმის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დისციპლინური გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტი და მასალა, მიიწვიოს სხვა პირი და მოისმინოს მისი ინფორმაცია. ის ვალდებულია განიხილოს იმ მოსამართლის შუამდგომლობა, რომლის მიმართაც აღძრულია დისციპლინური დევნა, და მისი მოთხოვნის შემთხვევაში ჩამოართვას მას დამატებითი ახსნა-განმარტება.

დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ, დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს წინადადებით მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს წინასწარი შემოწმების შედეგებს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიღოს საპირისპირო გადაწყვეტილება.

მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 1 კვირაში დისციპლინურ საქმესთან ერთად ეგზავნება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.


11. როგორ ხდება დისციპლინური საქმის არსებითი განხილვა?

იხილეთ პასუხი

მოსამართლის  მიმართ  წარმოებულ დისციპლინურ საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია;

სადისციპლინო კოლეგიის სხდომა მნიშვნელოვნად წააგავს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას. მასში მონაწილეობას იღებენ მხარეები - ერთის მხრივ, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე და მისი წარმომადგენელი, და მეორეს მხრივ -  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი.

სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.

დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.

მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.

მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.

თავის მხრივ სადისციპლინო კოლეგიასაც აქვს უფლება შეკითხვები დაუსვას სხდომაზე მოწვეულ პირებს, მოიწვიოს სხვა პირები და მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ინფორმაცია.

მხარეთა მოსმენის შემდეგ სადისციპლინო კოლეგია გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების  მისაღებად.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით. საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა. 


12. რა შემთხვევებში დაეკისრება მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა?

იხილეთ პასუხი

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, თუ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის შედეგად  სადისციპლინო კოლეგია დაადგენს, რომ:

1. მოსამართლემ ჩაიდინა ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება;

2.  ეს ქმედება არის დისციპლინური გადაცდომა;

3. მოსამართლეს ბრალი მიუძღვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.

აღნიშნული სამი გარემოებიდან ერთ-ერთის არ არსებობა გამორიცხავს მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა, სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის გამართლების შესახებ. 


13. რა სახის სახდელი შეიძლება დაეკისროს მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში?

იხილეთ პასუხი

დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთი შემდეგი სახდელი:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) მკაცრი საყვედური;

დ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა.

მოსამართლეს ასევე შეიძლება დაეკისროს დისციპლინური ზემოქმედების ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიება:

ა) მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;

ბ) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.

სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს.

თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას, კოლეგიას შეუძლია მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომანდაციო ბარათით.

კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია და რჩევა-დარიგება დარღვევების აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.

კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს ( თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება). მისი ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.


14. შემიძლია თუ არა დავესწრო სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვას?

იხილეთ პასუხი

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს  დახურულ სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს (მოსამართლესა და მის დამცველს, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი ორგანოს წარმომადგენელს).


15. მეცნობება თუ არა მოსამართლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვის შედეგი?

იხილეთ პასუხი

გადაწყვეტილება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, ასევე დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ან მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა მხარეებს ან/და ნებისმიერ პირს.


16. ვის შეუძლია გაასაჩივროს სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება?

იხილეთ პასუხი

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ დისციპლინური საქმის მხარეებს - დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ავტორს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.


17. სად საჩივრდება სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რა ვადაში და როგორ განიხილება საჩივარი?

იხილეთ პასუხი

სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. საჩივარი შეიტანება სადისციპლინო კოლეგიაში. საჩივრის მიღებიდან 5 დღეში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს და საჩივარს გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას.

სადისციპლინო პალატა საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს, ხოლო  საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვეში, ეს ვადა ობიექტური მიზეზების არსებობისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს კიდევ 1 თვით.

სადისციპლინო პალატა საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე; პალატის  სხდომაზე ჯერ მოუსმენენ საჩივრის ავტორს, შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს, ამის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან ერთმანეთს კითხვები, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობა შედგება მხარეთა და მათი წარმომადგენელთა სიტყვებისაგან. პაექრობის შემდეგ პალატა გადის გადაწყვეტილების მისაღებად. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადაწყვეტილებას. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

საჩივრის განხილვის შედეგად სადისციპლინო პალატას უფლება აქვს ძალაში დატოვოს, შეცვალოს, გააუქმოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, ან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სადისციპლინო კოლეგიას.


18. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შემთხვევაში გადაიხედება თუ არა ჩემს მიმართ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება?

იხილეთ პასუხი

დისციპლინური სამართალწარმოების მიზანი არ არის მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა გაუქმება ან შეცვლა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა შეუძლია მხოლოდ ზემდგომ სასამართლოს (ასევე იმავე დონის სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებისას) მხარის მიერ კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში (სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში).

შესაბამისად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ან სახდელის გამოყენება გავლენას ვერ იქონიებს მის მიერ გამოტანილი რომელიმე გადაწყვეტილების კანონიერებაზე. 


19. სად შეიძლება ვნახო მოსამართლეთა მიმართ გამოტანილი დისციპლინური გადაწყვეტილებები?

იხილეთ პასუხი

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა მხარეებს ან/და ნებისმიერ პირს.


20. სად მოვიძიო უფრო დეტალური ინფორმაცია მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე?

იხილეთ პასუხი

მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს დეტალურად არეგულირებს ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონი.

უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიის ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდებზე.  

ასევე, დეტალური და კონკრეტული ინფორმაციის მოთხოვნით შეგიძლიათ მომართოთ სადისციპლინო კოლეგიას. 


USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI