მოსამართლის მიმართ წარმოებულ დისციპლინურ საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია;
სადისციპლინო კოლეგიის სხდომა მნიშვნელოვნად წააგავს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას. მასში მონაწილეობას იღებენ მხარეები - ერთის მხრივ, დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული მოსამართლე და მისი წარმომადგენელი, და მეორეს მხრივ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი.
სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მომხსენებელი წევრი.
დისციპლინური საქმის განხილვა იწყება კოლეგიის ერთ-ერთი წევრის მოხსენებით, რომელშიც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის გადმოცემული დისციპლინური საქმის წარმოების ეტაპები და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.
მოხსენების მოსმენის შემდეგ სიტყვა ეძლევათ მხარეებს, პირველად იუსტიციის საბჭოს წარმომადგენელს დისციპლინური ბრალდების წასაყენებლად, შემდეგ – დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს წაყენებულ ბრალდებაზე საპასუხოდ. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის დახმარებით. მას შეუძლია დამცველად მიიწვიოს ადვოკატი, ნებისმიერი მოსამართლე ან სხვა წარმომადგენელი.
მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები, წარადგინონ წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულებები, აღძრან შუამდგომლობები სხვადასხვა დოკუმენტების, მასალების ან ინფორმაციის გამოქვეყნების, ანდა სხდომაზე მიწვეულ პირთა ინფორმაციების მოსმენის, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნის ან დამატებითი პირების მიწვევისა და მათი ინფორმაციების მოსმენის, შესაბამისი სასამართლო საქმის გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე განახორციელონ სხვა ღონისძიებები. შუამდგომლობებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია.
თავის მხრივ სადისციპლინო კოლეგიასაც აქვს უფლება შეკითხვები დაუსვას სხდომაზე მოწვეულ პირებს, მოიწვიოს სხვა პირები და მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ინფორმაცია.
მხარეთა მოსმენის შემდეგ სადისციპლინო კოლეგია გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით. საჩივარს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა.
მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, თუ დისციპლინური საქმის არსებითი განხილვის შედეგად სადისციპლინო კოლეგია დაადგენს, რომ:
1. მოსამართლემ ჩაიდინა ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება;
2. ეს ქმედება არის დისციპლინური გადაცდომა;
3. მოსამართლეს ბრალი მიუძღვის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.
აღნიშნული სამი გარემოებიდან ერთ-ერთის არ არსებობა გამორიცხავს მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი ან მისი ბრალეულად ჩადენა არ დადასტურდა, სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის გამართლების შესახებ.
დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენის შემთხვევაში მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს ერთ-ერთი შემდეგი სახდელი:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) მკაცრი საყვედური;
დ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება;
ე) საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა.
მოსამართლეს ასევე შეიძლება დაეკისროს დისციპლინური ზემოქმედების ერთ-ერთი შემდეგი ღონისძიება:
ა) მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;
ბ) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება.
სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ბრალის ხარისხს.
თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით დადგენილი დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას, კოლეგიას შეუძლია მოსამართლეს მიმართოს კერძო სარეკომანდაციო ბარათით.
კერძო სარეკომენდაციო ბარათი არის სადისციპლინო კოლეგიის წერილი დისციპლინური დარღვევის ჩამდენი მოსამართლისადმი, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ამ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი. ბარათში აგრეთვე მოცემულია სადისციპლინო კოლეგიის რეკომენდაცია და რჩევა-დარიგება დარღვევების აღმოფხვრის, მოსამართლის მოვალეობების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და პრობლემების დაძლევის გზებისა და საშუალებების შესახებ.
კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი კონფიდენციალურია. ბარათი ეგზავნება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს ( თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება). მისი ასლის სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირისათვის გაგზავნა დაუშვებელია. ბარათის ასლი თან ერთვის დისციპლინურ საქმეს დალუქული პაკეტის სახით. მისი გახსნა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში საქმის სადისციპლინო კოლეგიაში განხილვის დროს.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს დახურულ სხდომაზე. სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს (მოსამართლესა და მის დამცველს, დისციპლინური ბრალდების წარმდგენი ორგანოს წარმომადგენელს).
გადაწყვეტილება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეწყვეტის ან შეჩერების, მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ, ასევე დისციპლინური საქმის წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, მოსამართლის გამართლების, მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების ან მოსამართლისადმი კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ ეგზავნება საჩივრის (განცხადების/შეტყობინების) ავტორს, თუ საერთო სასამართლოში აღარ მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომელთან დაკავშირებითაც განხორციელდა დისციპლინური სამართალწარმოება.
სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა მხარეებს ან/და ნებისმიერ პირს.
სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ დისციპლინური საქმის მხარეებს - დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ მოსამართლეს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
დისციპლინური საჩივრის (განცხადების) ავტორს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.
სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარისათვის მისი გადაცემიდან 10 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. საჩივარი შეიტანება სადისციპლინო კოლეგიაში. საჩივრის მიღებიდან 5 დღეში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს და საჩივარს გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას.
სადისციპლინო პალატა საჩივრის მიღებიდან 10 დღის ვადაში იხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს, ხოლო საჩივარს განიხილავს მისი წარმოებაში მიღებიდან 1 თვეში, ეს ვადა ობიექტური მიზეზების არსებობისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეიძლება გააგრძელოს კიდევ 1 თვით.
სადისციპლინო პალატა საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. სხდომას თავმჯდომარეობს სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე; პალატის სხდომაზე ჯერ მოუსმენენ საჩივრის ავტორს, შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს, ამის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ, დაუსვან ერთმანეთს კითხვები, რის შემდეგაც იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობა შედგება მხარეთა და მათი წარმომადგენელთა სიტყვებისაგან. პაექრობის შემდეგ პალატა გადის გადაწყვეტილების მისაღებად. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადაწყვეტილებას. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
საჩივრის განხილვის შედეგად სადისციპლინო პალატას უფლება აქვს ძალაში დატოვოს, შეცვალოს, გააუქმოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება და მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, ან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს სადისციპლინო კოლეგიას.