გადაწყვეტილების მიღების წესი

სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

 

 

1. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ, სადიციპლინო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დისციპლინურ გადაცდომაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების (ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების) შესახებ ან მოსამართლის გამართლების თაობაზე. მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის სადისციპლინო კოლეგიამ პასუხი უნდა გასცეს ოთხ მთავარ შეკითხვას:

  1. ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება;
  2. არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა (და ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომელ გადაცდომას წარმოადგენს იგი);
  3. მიუძღვის თუ არა ბრალი მოსამართლეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში;
  4. რა სახის სახდელი ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება უნდა დაეკისროს მოსამართლეს.

თუ პირველი სამი კითხვიდან, რომელიმე მათგანს უარყოფითი პასუხი გაეცა, სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის გამართლების თაობაზე.

 

2. გარემოებები, რომლებიც მხედველობაში მიიღება მოსამართლისთვის სახდელის ან დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას

სადისციპლინო კოლეგია მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების შერჩევისას ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის შინაარსსა და სიმძიმეს, შედეგებს, რომლებიც მას მოჰყვა ან შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ასევე, ბრალის ხარისხს.

თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვისას დადასტურდა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის, ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას, სადისციპლინო კოლეგია იყენებს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას - მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვას.

დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებას – სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას – სადისციპლინო კოლეგია იყენებს მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

 

3. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და გადაწყვეტილების ფორმა

სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები.

სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს.

სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით.

 

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI