საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.
მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის არსებული სისტემა მიზნად ისახავს მოსამართლის თანამდებობაზე ღირსეული და მაღალკვალიფიციური კადრების დანიშვნას. თუმცა, ცნობილია, რომ არც ერთი ქვეყნის სასამართლო არ არის სრულად დაზღვეული მოსამართლის მიერ მისი სტატუსისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენისგან, რაც ხელყოფს მართლმსაჯულების გამართულ ფუნქციონირებას და საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიმართ. შესაბამისად, მოსამართლის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მის ხელშეუხებლობას ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. მოსამართლე დანაშაულის ან დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
მოსამართლეთა მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელები და მათი გამოყენების წესი დადგენილია კანონით. დისციპლინური სამართალწარმოება მიზნად ისახავს იმას, რომ ერთის მხრივ თავიდან იქნას აცილებული მოსამართლეთა მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, მეორეს მხრივ მოსამართლის ასეთი გადაცდომა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენას შესაძლებელია შედეგად მოჰყვეს მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება, როგორიცაა შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური და თანამდებობიდან გათავისუფლებაც კი.
დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა, რომელიც არის მოსამართლის ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი მექანიზმი, ამავდროულად არ უნდა ხელყოფდეს მოსამართლის დამოუკიდებლობას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს.
კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ მიღებულ იქნა 2000 წლის 23 თებერვალს. თუმცა მიღებიდან დღემდე მან მრავალი ცვლილება განიცადა, რომელიც შეეხო როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, ასევე, დისციპლინური საქმის განმხილველ ორგანოთა ფორმირების წესს, დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს.
2012 წლის 27 მარტს აღნიშნულ კანონში შესული ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის 2007 წლის 19 მარტის რეკომენდაცია და კანონიდან ამოღებულ იქნა „კანონის უხეში დარღვევა“, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე.
2012-2013 წლებში (კანონში) შესული ცვლილებებით გათვალისწინებულ იქნა საჩივრის ავტორის ინფორმირებულობა მოსამართლის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, ასევე, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება ოფიციალურ ვებგვერდზე და მათ ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის.
2013 წლის პირველ მაისს შეიცვალა სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტების წესი. ახალი წესის მიხედვით კოლეგიის 3 მოსამართლე წევრს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია, ხოლო 2 არამოსამართლე წევრს – საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, – ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
თანამედროვე ეტაპზე დისციპლინური სამართალწარმოების რეფორმის მიზანია მისი მაქსიმალური დაახლოება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, დისციპლინური პროცესის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა, მოსამართლის დამოუკიდებლობის უფრო მეტად დაცვის უზრუნველყოფა. 2013-2014 წლებში ამ მიმართულებით განხორციელდა სხვადასხვა კვლევა და წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა რეკომენდაცია/კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სტრუქტურების და თავად სადისციპლინო კოლეგიის წევრების მხრიდან (იხ. დანართის სახით). მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ორგანოებთან. კოლეგიის წევრები ჩართული არიან უწყებათშორის სამუშაო ჯგუფებში და მონაწილეობენ კანონპროექტების, კონცეფციების განხილვაში, აზოგადებენ და წარმოადგენენ სადისციპლინო კოლეგიის პრაქტიკას, მათ ხედვებს და ინიციატივებს საკანონმდებლო ხარვეზებთან დაკავშირებით და სხვ.