საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები
პრეამბულა
საქართველოს მოსამართლეები;
აცნობიერებენ რა, რომ საზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას;
აცნობიერებენ რა, რომ მოსამართლის ქცევა როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ისე სხვა საქმიანობის განხორციელების დროს წარმოადგენს საზოგადოების სასამართლოსადმი ნდობის და სასამართლო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საფუძველს;
ეყრდნობიან რა საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, ასევე სამოსამართლო ეთიკის სფეროში მოქმედ საერთაშორისო სამართლებრივ ღირებულებებს, მათ შორის მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპებს და ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს #3 მოსაზრებას მოსამართლეთა პროფესიული ქცევის პრინციპებისა და წესების, კერძოდ ეთიკის, შეუფერებელი ქცევისა და მიუკერძოებლობის თაობაზე;
ადგენენ სამოსამართლო ეთიკის წესებს, რომელთა მიზანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო ხელისუფლების ერთიანობის განმტკიცება, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის ამაღლება, მოსამართლის თანამდებობის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვა.
I. მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა
მუხლი 1
მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
მუხლი 2
მოსამართლე უნდა იყოს კანონისა და მოსამართლის ფიცის ერთგული, მართლმსაჯულების განხორციელებისას _ კანონისა და სამართლის უზენაესობის გარანტი. მისი აზრი არ უნდა მერყეობდეს პოლიტიკური, სოციალური, მხარის ინტერესის, საზოგადოებრივი ზემოქმედების ან სხვაგვარი ურთიერთობის ზეგავლენის გამო, ანდა კრიტიკის შიშით.
მუხლი 3
მოსამართლე ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ დონეზე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი.
მუხლი 4
მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად.
მუხლი 5
სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელსაც პროცესის მონაწილენი ან საზოგადოება აღიქვამს წინასწარ შექმნილ შეხედულებად.
მუხლი 6
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე, აგრეთვე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს სხვა მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
მუხლი 7
მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მონაწილეთა ან/და საქმით დაინტერესებული პირის მიღება ან მასთან კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ამასთან, მოსამართლე ვალდებულია პროკურორის, ადვოკატის ან პროცესის სხვა მონაწილის მიერ კანონით აკრძალული ფორმით კომუნიკაციის მცდელობის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს.
II. მოსამართლის კომპეტენტურობა და გულისხმიერება
მუხლი 8
მოსამართლე ვალდებულია მასზე დაკისრებული მოვალეობები განახორციელოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სათანადო გულისხმიერებით.
მუხლი 9
მოსამართლე ღირსებითა და სათანადო თავაზიანობით უნდა ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას. ამასთან, სასამართლო სხდომის დარბაზში სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგის დაცვა, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და პროცესის დამსწრე ყველა პირისაგან მოითხოვოს კორექტული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ.
მუხლი 10
მოსამართლე ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის მონაწილეთა კანონის წინაშე თანასწორობა. დაუშვებელია, რომ პროცესის მონაწილის რასობრივი, ეროვნული, ეთნიკური, ენობრივი, წოდებრივი, თანამდებობრივი, ქონებრივი, რელიგიური, სქესობრივი კუთვნილება ან სხვა გარემოება გავლენას ახდენდნენ მოსამართლის გადაწყვეტილების კანონიერებასა ან მისი უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელებაზე.
მუხლი 11
მოსამართლე პატივს უნდა სცემდეს სასამართლოს პერსონალს, აგრეთვე თვალყურს ადევნებდეს, რომ სასამართლოს მოხელე იცავდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, თავშეკავებულად მოქმედებდეს, არ იჩენდეს რაიმე მიკერძოებას ან არ ავლენდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას მხარეების მიმართ.
მუხლი 12
მოსამართლე ვალდებულია სათანადო რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მოხელის, მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაზე.
მუხლი 13
მოსამართლემ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებების საზიანოდ. დაუშვებელია მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.
მუხლი 14
სამოსამართლო ფუნქციების სათანადო კომპეტენტურობით განხორციელების მიზნით მოსამართლე ვალდებულია პერიოდულად იმაღლებდეს პროფესიული ცოდნის დონეს და სისტემატურად ეცნობოდეს მის სფეროში მიმდინარე სიახლეებს. იგი აგრეთვე ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევდეს მათ საჭირო რჩევა-დარიგებას.
III. მოსამართლის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა
მუხლი 15
მოსამართლემ აზრის გამოთქმის უფლებით სარგებლობისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ღირსება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
მუხლი 16
მოსამართლე, მასმედიასთან ურთიერთობის დროს, უნდა მოერიდოს საკუთარი აზრის გამოთქმას განსახილველ, განხილვის პროცესში არსებულ ან უკვე განხილული საქმის თაობაზე, თუ ეს არ ეხება საქმის წარმოების ორგანიზაციულ ან ტექნიკურ მხარეს.
მუხლი 17
სპიკერი მოსამართლე, მედიის მოთხოვნის ან ამ მოთხოვნის გარეშე, გასცემს ინფორმაციას სასამართლოს საქმიანობაზე, აგრეთვე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ახდენს სასამართლო გადაწყვეტილებათა გაშუქებას.
მუხლი 18
მოსამართლემ მასმედიისთვის ინფორმაციის მიწოდების დროს არ უნდა გაახმაუროს კოლეგებს შორის ამა თუ იმ საკითხზე წამოჭრილი დავა ან დისკუსია. ამასთან, განცხადების გაკეთებისას არ უნდა გაითვალისწინოს ამა თუ იმ მხარის პოპულარობა და ამ საკითხით მასმედიის თუ ხელისუფლების ორგანოების დაინტერესება.
მუხლი 19
მოსამართლე საჯაროდ ან პირად საუბარში უნდა მოერიდოს ისეთ განცხადებას, რომელსაც შეუძლია წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 20
მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთან, მოსამართლემ სასამართლო მოხელესაც უნდა ურჩიოს თავი შეიკავოს ამგვარი განცხადების გაკეთებისაგან.
მუხლი 21
მოსამართლემ ყურადღება უნდა მიაქციოს თუ სად და რა ვითარებაში აკეთებს განცხადებას, რომ საზოგადოებამ არ აღიქვას იგი მხოლოდ ერთ ორგანიზაციასთან თუ ჯგუფთან მიმართებაში. ამასთან, მოსამართლე ყურადღებით უნდა მოეკიდოს საჯარო შეხვედრებზე გამოსვლას, რომ მისი ესა თუ ის მოსაზრება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ მხარდაჭერად ან მიკერძოებად.
IV. მოსამართლის არასამოსამართლო საქმიანობა
მუხლი 22
მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობას, დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ უქმნის საფრთხეს სასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ ქცევის წესებს.
მუხლი 23
კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.
მუხლი 24
მოსამართლემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მის სამსახურებრივ სტატუსსა და მოვალეობასთან შეუთავსებელ გარიგებაში.
მუხლი 25
მოსამართლე არ შეიძლება გახდეს ისეთი გაერთიანების წევრი, რომელიც ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვს, ანდა ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის რეპუტაციას, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.
მუხლი 26
მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან ასრულებდეს პარტიულ დავალებას, ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით გამოდიოდეს სიტყვით.
მუხლი 27
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა ამჟღავნებდეს თავის პოლიტიკურ შეხედულებას. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ. მან ასევე საჯაროდ არ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის მიმართ. ამასთან, მოსამართლემ სასამართლოს მოხელესაც უნდა ურჩიოს, თავი შეიკავოს პოლიტიკური საქმიანობის ან პოლიტიკური შეხედულების დემონსტრირებისაგან.
მუხლი 28
მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.