საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქმე №1/03-12
12 აპრილი, 2013 წ.
თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ლაშა კალანდაძე
წევრები: მამია ფხაკაძე
გიორგი შავლიაშვილი
მდივანი – ეკატერინე თავდუმაძე
მხარეები:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი __________ __________;
__________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ;
დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიმართ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, __________ __________ საჩივრის (რეგისტრაციის №____) საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება __________ __________ სასამართლოს მოსამართლე (სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის __________ __________ სასამართლოს მოსამართლე) __________ __________ მიმართ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება და სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა – ჩადენისათვის.
მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
__________ __________ სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით (მოსამართლე __________ __________) __________ __________ სარჩელი მოპასუხე __________ __________ მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მოსამართლესა და დარბაზში მყოფ პირებს შორის შედგა საუბარი, რა დროსაც მოსამართლემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც მითითებული ჰქონდა გადაწყვეტილებაში და განმარტა, თუ რატომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ასევე, მოსამართლემ მოსარჩელესა და მის მეუღლეს განმარტებები მისცა ისეთ საკითხებზე, რომელიც სცილდება გადაწყვეტილების შინაარსს.
აღნიშნული საუბრის დროს, მოსამართლემ ფამილარულ კონტექსტში მოიხსენია მხარის წარმომადგენელი, რაც არ შეესაბამება მოსამართლის მაღალ სტატუსს.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, მოსამართლის მიერ არაეთიკური ქმედების ჩადენის და უფლებამოსილების ფარგლების გაცდენის ფაქტზე.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა __________ __________ სრულად დაუჭირა მხარი დისციპლინურ ბრალდებას და მოითხოვა მოსამართლე __________ __________ მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადგენილად ცნობა.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად მიიჩნია დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, სადისციპლინო კოლეგიას ავალდებულებს, დაადგინოს ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ, „...ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციის მიერ დამტკიცებული ,,საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსის” მე-4 მუხლის თანახმად, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლოს შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად.
ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მოსამართლე ღირსებითა და სათანადო თავაზიანობით უნდა ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილება განმარტოს ისე, რომ არ გასცდეს მის შინაარსს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმამ გამოიწვია მოსარჩელე მხარის უკმაყოფილება და შესაბამისად, მოსამართლემ, მოსარჩელისთვის გასაგებ ენაზე განმარტა, თუ რატომ არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მიუთითა იმ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა გადაწყვეტილებას. აღნიშნული უფლება მოსამართლეს გააჩნია, თუმცა მან უნდა გამოიჩინოს დიდი სიფრთხილე და ყურადღება, რათა გადაწყვეტილების განმარტებისას არ გასცდეს მის შინაარსს.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია აღნიშნავს, რომ მართალია გადაწყვეტილების განმარტებისას მოსამართლე გასცდა გადაწყვეტილების შინაარსს, მაგრამ ზემოაღნიშნულ ქმედებას რაიმე უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია, კერძოდ: მხარეების უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს ზიანი არ მისდგომია.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი რეპუტაცია, მხედველობაში მიიღო გადაცდომების შინაარსი, სიმძიმე, შედეგები, რაოდენობა და დარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო მიზანშეუწონლად ჩათვალა მოსამართლის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე, 47-ე მუხლებით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 51-ე მუხლით, 54-ე მუხლის პირველი პუნქტით, 57-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ცნობილ იქნეს ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომების – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება და სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა – ჩადენისათვის და დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;
2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებსა და ორგანოებს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.
თავმჯდომარე ლ. კალანდაძე
წევრები: მ. ფხაკაძე
გ. შავლიაშვილი