საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქმე №1/01-12
2 აგვისტო, 2012 წ.
თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების
მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ლაშა კალანდაძე
წევრები: მამია ფხაკაძე
გიორგი შავლიაშვილი
მდივანი – ირაკლი გვარამაძე
მხარეები:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი __________ __________;
__________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ;
დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიმართ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, __________ __________ წარმომადგენელ __________ __________ განცხადების (რეგისტრაციის ნომერი №____) საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიმართ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება – ჩადენისათვის.
მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:
2009 წლის 4 ივნისს __________ __________ წარმომადგენელმა __________ __________ განცხადებით მიმართა __________ __________ სასამართლოს და მოითხოვა __________ __________ სასამართლოს 2000 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანა და გადაწყვეტილების შესწორების შესაბამისად – სააღსრულებო ფურცლის გაცემა. განცხადება გადაეცა მოსამართლე __________ __________. ამავდროულად მოსამართლის წარმოებაში იმყოფებოდა __________ __________ სასარჩელო განცხადება __________ __________ მიმართ, სადაც ადვოკატი გამოთქვამდა სურვილს დაეზუსტებინა, 2009 წლის 4 ივნისის განცხადება. იგი დაზუსტდა 2010 წლის 27 იანვარს.
2009 წლის 4 ივნისის განცხადებასთან დაკავშირებით საქმე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საარქივო განყოფილებიდან გამოითხოვა მოსამართლე __________ __________ თანაშემწემ. აღნიშნული საქმე __________ __________ სასამართლომ მიიღო 2009 წლის 15 ივნისს.
მოსამართლემ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელა მხოლოდ 2011 წლის 3 ოქტომბერს და სასამართლოს 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინებებით (თითოეულ მოთხოვნაზე იმსჯელა ცალკე განჩინებით) __________ __________ განცხადება __________ __________ სასამართლოს 2000 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააღსრულებო ფურცელში მოვალის უფლებამონაცვლის მითითების ნაწილში – დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გამოთხოვის შედეგად საქმის __________ __________ სასამართლოში მიღების დღიდან (2009 წლის 15 ივნისიდან) განცხადების განხილვამდე (2011 წლის 3 ოქტომბრამდე) საქმე იმყოფებოდა მოსამართლე __________ __________ (2 წელი, 3 თვე და 21 დღე) და ამ პერიოდში იგი არ განუხილავთ.
ანალოგიური შინაარსის განცხადებებით __________ __________ წარმომადგენელმა __________ __________ __________ __________ სასამართლოს (მოსამართლე __________ __________) მიმართა 2010 წლის 27 იანვარს და 23 მარტს, აგრეთვე _ 2011 წლის 24 თებერვალს და 29 სექტემბერს, რომლებზეც რეაგირება 2011 წლის 3 ოქტომბრამდე არ მომხდარა.
მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვისას მოსამართლე __________ __________ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადებაზე იმსჯელა 2 წლის, 3 თვისა და 21 დღის შემდეგ, რაც არ არის გონივრული ვადა. ასევე, მოსამართლე __________ __________ არ გაითვალისწინა საქართველოს კანონმდებლობაში ასახული მოთხოვნები და კანონით დადგენილი წესით არ იმსჯელა მხარის განცხადებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული იყო, აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ემსჯელა 3 დღის ვადაში.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა __________ __________ სრულად დაუჭირა მხარი დისციპლინურ ბრალდებას და მოითხოვა მოსამართლე __________ __________ მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადგენილად ცნობა.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად მიიჩნია დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, სადისციპლინო კოლეგიას ავალდებულებს, დაადგინოს ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ, „...ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.”
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად არ არის დადგენილი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების შესახებ შეტანილი განცხადების განხილვის საპროცესო ვადა. მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველ სასამართლოს განცხადება უნდა განეხილა გონივრულ ვადაში, რაც შეფასებითია და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქმის განხილვის კანონით დადგენილ ვადას.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსამართლე __________ __________ აღნიშნული განცხადებების განხილვა ვერ უზრუნველყო გონივრულ ვადაში, რაც წარმოადგენს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, „გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.”
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე.”
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის მომზადება და გაცემა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების მიხედვით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
„რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულების 103-ე მუხლის თანახმად, „სასამართლოს განაჩენების, გადაწყვეტილებების, განჩინებებისა და დადგენილებების აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში მათი შესვლის შემდეგ, გარდა დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევებისა. სააღსრულებო ფურცლის გაცემა უნდა მოხდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.“
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლე __________ __________ უგულებელყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ: მოსამართლე ვალდებული იყო, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით ემსჯელა სამი დღის ვადაში, რაც მოსამართლეს არ შეუსრულებია. აღნიშნული წარმოადგენს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური სახდელის შერჩევისას გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი და მორალური რეპუტაცია, მხედველობაში მიიღო დისციპლინური გადაცდომების შინაარსი, სიმძიმე, შედეგები, რაოდენობა და მიიჩნია, რომ __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – შენიშვნა.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე, 47-ე მუხლებით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 53-ე, 57-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. __________ __________ სასამართლოს მოსამართლე __________ __________ ცნობილ იქნეს ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების – ჩადენისათვის და დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – შენიშვნა;
2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებსა და ორგანოებს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.
თავმჯდომარე ლ. კალანდაძე
წევრები: მ. ფხაკაძე
გ. შავლიაშვილი