სემინარი მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე

სემინარი მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე

2015 წლის 14-15 თებერვალს, ყვარელში, სასტუმრო ”ყვარლის ედემში”, ევროპის საბჭოს პროექტის ”მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში” ორგანიზებით გაიმართა სემინარი მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე.

შეხვედრა გახსნა ”მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში” პროექტის მენეჯერმა მარიანა კიკუმ. ქართველ კოლეგებს უცხოური პრაქტიკა და პრობლემატური საკითხების გადაჭრის მეთოდებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ევროპის საბჭოს ექსპერტებმა: ხორვატიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დურო სესამ და ანკარის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ენჯინ დურნაგოლმა.

სემინარის მსვლელობისას ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიმოიხილეს სხვადასხვა აქტუალური საკითხები: მოსამართლეთა პასუხისმგებლობა; დისციპლინური გადაცდომის დეფინიცია და სახეები; ზღვარი დისციპლინური გადაცდომასა და სამართლებრივ შეცდომას შორის; დისციპლინური სისტემისა და ზომების მიზანი; დისციპლინური სახდელები და მათი მიზნები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტების გავრცელება დისციპლინურ სამართალწარმოების პროცესზე; მტკიცების ტვირთი და სტანდარტი დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში; დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდენციალობა/საჯაროობა; სამოსამართლო დისციპლინის მიმართება სამოსამართლო ეთიკასთან; მოსამართლეთა ქცევის წესები და მათი დარღვევის კონკრეტული გამოვლინებები.

უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით, გააცნეს სხვადასხვა საინტერესო მაგალითები მოსამართლეთა მიერ დისციპლინური გადაცდომების ჩადენის ფაქტებზე. გაიმართა აქტიური დისკუსია.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები და აპარატის მოხელეები, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის თანამშრომლები.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI