საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2014 წლის 19-28 მარტს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა ქცევის კომისიაში.

სადისციპლინო კოლეგიის წევრები გაეცნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ შორის კალიფორნიის შტატში მოქმედი დისციპლინური სისტემის ფუნქციონირებას. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები კომისიის წევრებთან, კომისიის დირექტორთან - ქალბატონ ვიქტორია ჰენლისთან და კომისიის თანამშრომლებთან.

კალიფორნიის სამოსამართლო ქცევის კომისია ამერიკის მართლმსაჯულების ისტორიაში მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის პირველი მუდმივმოქმედი ორგანოა. კომისია არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც თავისი არსებობის 54 წელს ითვლის. კომისიის საქმიანობა კონფიდენციალურია. კომისიის სხდომები  არის ღია და  საჯარო, ესწრება მედიაც. კომისიაში შედიან როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრები, ასევე, ადვოკატები. კომისია შედგება 11 წევრისაგან. აქედან - 3 მოსამართლე, 2 ადვოკატი და 6 - საზოგადოების წარმომადგენელია.

ამერიკელმა კოლეგებმა დელეგაციის წევრებს სემინარების სახით გააცნეს კალიფორნიის სამოსამართლო ქცევის კომისიის საქმიანობის წესი და პრინციპები, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, კომპეტენციის ფარგლები, კერძოდ - საჩივრის წარდგენისა და განხილვის სტადიები (მოკვლევა, წინასწარი გამოძიება, მტკიცებულებათა მოპოვება, საქმის არსებითი განხილვა სპეციალური მაგისტრების მიერ, იურიდიული მრჩევლების გამოყენება საქმის განხილვის სტადიაზე, მოწმეთა დაკითხვა), გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჩივრების წესი და საფუძვლები, ასევე, დისციპლინური გადაცდომის სახეები და შეფასების კრიტერიუმები, სახდელის ზომის (სანქციის) შერჩევის წესი და სახეები, ასევე, საპროცესო შეთანხმების გამოყენების პირობები.

სემინარებზე ყურადღება დაეთმო სამოსამართლო ეთიკის დებულებით დადგენილი ნორმების შედარებით მიმოხილვას, დისციპლინური სამართალწარმოების ქართული და ამერიკული სისტემის პრობლემატურ საკითხებს და მათი გადაჭრის გზების ძიებას.

გაიმართა ღია დისკუსიები სემინარის მონაწილეთა გამოცდილების, მონაწილეთა ინტერესების, სასწავლო პროგრამის მიზნების შესახებ, ასევე, სამართლებრივი შეცდომისა და დისციპლინური გადაცდომის გამიჯვნის საკითხებსა და მოსამართლის ქცევის შეფასების კრიტერიუმებზე.

ქართული დელეგაცია დაესწრო სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეთა განხილვას კალიფორნიის საშტატო სასამართლოებში, რის შემდეგაც ჰქონდა შესაძლებლობა შეკითხვები დაესვა პროცესის მონაწილე მხარეებთან. 

სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI