სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა მოსამართლეთა ასოციაციის წევრებთან

სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა მოსამართლეთა ასოციაციის წევრებთან

2014 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის წევრებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე სადისციპლინო კოლეგიის წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა საკუთარი მოსაზრებები ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა მოსამართლეთა ასოციაციას გააცნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და მოისმინეს მოსამართლეთა მოსაზრებები აღნიშნულ საფუძვლებთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედი საფუძვლები; დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლები, რომელიც შესაძლებელია დაემატოს კანონს; ზღვარი დისციპლინურ გადაცდომასა და მოსამართლის შეცდომას შორის; მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, როგორც მხედველობაში მისაღები ფაქტორი; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სპეციფიკა და ა.შ.

მოსამართლეთა ასოციაციის წევრებმა, ასევე, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ქართულ დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით. გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს და მასში ჩართული იყვნენ სხვადასხვა რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები. 

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI