2015 წლის 4 თებერვალს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა. შეხვედრის მსვლელობისას განხილულ იქნა სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტი, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, ვენეციის კომისიის დასკვნა, ასევე, უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებს გააცნეს საკუთარი მოსაზრებები ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედი და ახალი საფუძვლების განხილვას. სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს გაუზიარეს ის პრობლემები, რასაც ისინი აწყდებიან პრაქტიკაში საჩივრის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განხილვის დროს. გაიმართა აქტიური დისკუსია.
განსახილველი საკითხების მოცულობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა ყველა პრობლემის სრულად და ამომწურავად განხილვა ერთ შეხვედრაზე, ამიტომ მონაწილეები შეთანხმდნენ შეხვედრის მომავალში გაგრძელების თაობაზე.