სადისციპლინო კოლეგიის წევრების მორიგი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთან

სადისციპლინო კოლეგიის წევრების მორიგი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთან

2015 წლის 12 თებერვალს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების მორიგი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებთან.

განსახილველი საკითხების მოცულობიდან გამომდინარე, 4 თებერვლის შეხვედრაზე ვერ მოხერხდა ყველა პრობლემის სრულად და ამომწურავად განხილვა, შესაბამისად, მონაწილეები შეთანხმდნენ მორიგი შეხვედრის გამართვის თაობაზე.

შეხვედრაზე გაგრძელდა სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, ასევე, განხილულ იქნა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, ვენეციის კომისიის დასკვნა და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს გაუზიარეს მათი მოსაზრებები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც ისინი აწყდებიან პრაქტიკაში. მათი განმარტებით ხშირია შემთხვევები, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემოდის აშკარად დაუსაბუთებელი საჩივრები, რომელშიც საერთოდ არ არის მითითებული არანაირ გარემოებასა თუ მტკიცებულებაზე მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. თუმცა მიუხედავად ამისა, დეპარტამენტის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, აღნიშნული საჩივარი განსახილველად გაიტანონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს საჩივრის დასაშვებობის ინსტიტუტის შემოღებით, რომლითაც აშკარად დაუშვებელი საჩივარი არ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის მსჯელობის საგანი.

სადისციპლინო კოლეგიის წევრებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის აქტიური მსჯელობა გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო კვორუმის - 2/3-ის შემცირება უბრალო უმრავლესობამდე, რაც გაზრდის დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ეფექტურობას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოყენებული კერძო სარეკომენდაციო ბარათის გასაჩივრების შესაძლებლობა; დისციპლინური პროცესის კონფიდენციალობა; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო პალატის მიერ გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სპეციფიკა; ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვის ინსტიტუტის შემოღება და სხვა.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI