კონფერენცია თემაზე ”მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოების სხვა აქტუალური საკითები”

კონფერენცია თემაზე ”მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოების სხვა აქტუალური საკითები”

2014 წლის 26 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე ”მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური სამართალწარმოების სხვა აქტუალური საკითები”.

კონფერენცია გახსნა საქართველოში USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა - სტივენ ჰეიკინმა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - კონსტანტინე კუბლაშვილი და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე - ნათია ქუთათელაძე.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარემ - ნათია ქუთათელაძემ და წევრებმა - ქეთევან ბექაურმა, კახა წიქარიშვილმა და გიორგი ტყავაძემ გააკეთეს მოხსენებები დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელი ცვლილებები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები ევროკავშირის ქვეყნებში, მოსამართლეთა ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თავისებურებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსხვავება დისციპლინურ გადაცდომასა და სამართლებრივ (საპატიო/გამოსწორებად) შეცდომას შორის. სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს სადისციპლინო საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის 2004-2006 წლების პრაქტიკა.

შეხვედრის მსვლელობის დროს გაიმართა დისკუსია. კონფერენციის მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ქართულ დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან, განსაკუთრებით კი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებთან დაკავშირებით. 

ასევე, გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია (www.dcj.court.ge).

კონფერენციას ესწრებოდნენ სასამართლო კორპუსის წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

კონფერენცია გაიმართა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით.

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI