2016 წლის 9 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და USAID-ის დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტის (PROLOG)-ის მიერ სასტუმრო თბილისი მერიოტში ჩატარდა დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე - მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები.
შეხვედრაზე მოსმენილი და განხილული იქნა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების ქეთევან ბექაურისა და კახა წიქარიშვილის მიერ 2015 წელს შემუშავებული კანონპროექტი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის 2-ე მუხლში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც ითვალისწინებს დისციპლინურ გადაცდომათა ვრცელ ჩამონათვალს ახალი რედაქციითა და სათანადო განმარტებებით. წარმოდგენილ კანონპროექტს საფუძვლად დაედო მსოფლიოს 30 მდე ქვეყნის დისციპლინური პრაქტიკა, მხედველობაში იქნა მიღებული ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის 2014 წლის (N° 774/2014) რეკომენდაცია მოსამართლეთა დისციპლინური საფუძვლების ვრცელი კატალოგის შემუშავების აუცილებლობაზე, გათვალისწინებული იქნა სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები და სხვა საერთაშორისო აქტები.
შეხვედრას ესწრებოდნენ და თავისი მოსაზრებები გამოთქვეს კანონპროექტთან დაკავშირებით, სამოსამართლო საქმიანობის კალიფორნიის კომისიის დირექტორმა ვიქტორია ჰენლიმ და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის დემოკრატიის მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა მონიკა აზიმიმ. კანონპროექტი და განმარტებები, ასევე, სამოსამართლო საქმიანობის კალიფორნიის კომისიის დირექტორის ვიქტორია ჰენლის რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ სადისციპლინო კოლეგიის ვებგვერდზე.