სადისციპლინო კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/01-17

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

 

 

საქმე №2/01-17                                                                                                                                                          -- სექტემბერი 2017 წელი

                                                                                                                                                                                            თბილისი

 

საქართველოს საერთო სასამართლოების  მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე

ამირან ძაბუნიძე

 წევრები:

 

თეა ძიმისტარაშვილი

ნიკოლოზ მარგველაშვილი

 

 

ქეთევან ბექაური

თეა ჯუღელი

 

 

 

 

 

 

 

 მდივანი – ეკატერინე თავდუმაძე

 

მხარეები:

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები თამარ დევდარიანი, ნინო გიორგაძე;

--- სასამართლოს --- მოსამართლე (-- --) - -- --;

დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე --- სასამართლოს -- მოსამართლე (-- --) - -- --  მიმართ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს -- წლის -- ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის - კონსტანტინე კემულარიას #-- წერილის საფუძველზე, დისციპლინური დევნის აღძვრის წინასწარი შემოწმების შედეგად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, -- სასამართლოს მოსამართლის (-- --) - -- მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რომლის საფუძველი გახდა ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა - საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმე განსასჯელების - -- და -- მიმართ -- სასამართლოში განსახილველად შევიდა 2003 წლის  22 ოქტომბერს. იმავე წლის 29 ოქტომბერს მოსამართლის -- მიერ მოცემული საქმე აცილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით. თუმცა, აცილებული სისხლის სამართლის საქმე -- სასამართლოში მოსამართლის მიერ გადაგზავნილ იქნა აცილებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ - 2004 წლის აპრილში.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2004 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლე -- მიცემულ იქნა დისციპლინურ პასუხისგებაში დისციპლინური გადაცდომისათვის.

2004 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც -- სასამართლოს მოსამართლე -- ცნობილ იქნა ბრალეულად ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, რისთვისაც მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

სადისციპლინო კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრა -- სასამართლოს მოსამართლემ -- და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, რადგან მისი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონო იყო და ევროსაბჭოს 2005 წლის იანვრის რეზოლუციით აღიარებული მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხელყოფას წარმოადგენდა.

აღნიშნულ საჩივარზე საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს მიერ -- წლის -- იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის -- სასამართლოში სასარჩელო წესით გაასაჩივრა -- და სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მითითებული სარჩელი -- სასამართლოს 2005 წლის 10 მარტის განჩინებით გადაგზავნილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში, რამდენადაც 2005 წლის 25 თებერვალს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით დადგინდა, რომ სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს გადაწვეტილებები შეიძლება გასაჩივრებულიყო მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის -- წლის -- მაისის სხდომაზე სასამართლოს მიერ მოსამართლისათვის განმარტებულ იქნა მისი ვალდებულება სასარჩელო განცხადების საჩივრად ტრანსფორმირების თაობაზე. აღნიშნული მითითების შესაბამისად, -- მიერ წარმოდგენილ იქნა საჩივარი, რომლითაც მან სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება მოითხოვა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივრის ავტორის მითითებით, სადისციპლინო საბჭოს -- წლის -- იანვრის გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს იმ წევრებმა, რომლებიც უნდა ჩამოცილებოდნენ მოცემული საქმის განხილვას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვის უფლება არა აქვს იმ წევრს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ადრე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. მოცემულ საქმეზე კი მონაწილეობდა საბჭოს 4 წევრი, რომლებმაც -- წლის -- დეკემბერს ამავე საქმეზე გამოიტანეს გადაწყვეტილება. ასევე, დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის `გ~ ქვეპუნქტი იმის გამო, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც უკანონოა, რადგან სადავო სისხლის სამართლის საქმეს არ იხილავდა მოსამართლე -- და შესაბამისად, მისი მხრიდან საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის -- წლის -- ივლისის განჩინებით -- სასამართლოს მოსამართლის -- საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმე განსასჯელების - -- და -- მიმართ -- სასამართლოში განსახილველად შევიდა 2003 წლის  22 ოქტომბერს. იმავე წლის 29 ოქტომბერს მოსამართლე -- მიერ მოცემული საქმე აცილებულ იქნა კანონით დადგენილი წესით. თუმცა, აცილებული სისხლის სამართლის საქმე ქუთაისის საოლქო სასამართლოში მის მიერ გადაგზავნილ იქნა აცილებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ - 2004 წლის აპრილში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია, რომ ზემოთ მითითებულ შემთხვევებში უნდა მომხდარიყო საქმის შესაბამის საოლქო სასამართლოში გადაგზავნა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართალწარმოების ორგანოები გონივრულ ვადაში, გაჭიანურების გარეშე უნდა იხილავდნენ სისხლის სამართლის საქმეებს. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ საქმეში იყვნენ განსასჯელები, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა.

სადისციპლინო კოლეგიამ ვერ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ზემოაღნიშნული გადაცდომის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, რადგან ეს საქმე განხილული იყო სხვა რაიონული სასამართლოს მიერ. მოსამართლე -- ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ხანგრძლივობა (რაც სისხლის სამართლის საქმის საოლქო სასამართლოში გადაგზავნის, შესაბამისი რაიონული სასამართლოსთვის გადაცემის და ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვის ვადებთან იყო დაკავშირებული) და მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნა შესაბამისი სასამართლოსთვის.

რაც შეეხება მოსამართლე -- განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადისციპლინო კოლეგიამ წინამდებარე დისციპლინური საქმე განიხილა მისი სავალდებულო მონაწილეობის გარეშე, სიმართლეს მოკლებულია, რადგან დისციპლინური საქმის მასალებით (კერძოდ, სხდომის ოქმით) დადგენილია, რომ იგი ესწრებოდა სადისციპლინო კოლეგიის -- წლის -- დეკემბრის სხდომას. ამასთან, აღნიშნულ სხდომაზე მას უფლება ჰქონდა დაეფიქსირებინა ნებისმიერი პოზიცია, უარეყო წაყენებული ბრალდება, წარმოედგინა დამატებითი დოკუმენტაცია და ა. შ. მაშინ, როცა მან სწორედ აღნიშნულ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღიარა დაშვებული შეცდომა და შესაბამისად, ჩადენილი დისციპლინური გადაცდომაც.

სადისციპლინო კოლეგიამ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზეც, რომ მოცემული საქმის განხილვისას ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დარღვევას, რამდენადაც სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს მიერ მოცემული დისციპლინური საქმე განხილულ იქნა კანონიერი შემადგენლობით, კერძოდ, ზემოაღნიშნული კანონის 22-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად ფორმირებული სადისციპლინო კოლეგიისა და სადისციპლინო საბჭოს შემადგენლობებით.

სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ -- შეფარდებული დისციპლინური სახდელი კანონიერი და დასაბუთებული იყო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადისციპლინო კოლეგიამ სრულად გაიზიარა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოსამართლე -- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქმის უსაფუძვლო გაჭიანურებას, რისთვისაც მას მართებულად დაეკისრა დისციპლინური სახდელი - მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. შესაბამისად, მისი საჩივარი იყო უსაფუძვლო და იგი დაკმაყოფილებული ვერ იქნებოდა.

-- 2017 წლის 29 მაისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1999 წლის 15 მაისს იგი დაინიშნა -- სასამართლოს მოსამართლედ -- 10 წლის ვადით. -- წლის -- დეკემბერს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს -- წლის -- იანვრის გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება -- გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიაში, რომელმაც -- წლის -- ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

-- ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში, რომელმაც -- წლის -- მარტის გადაწყვეტილებით დაადგინა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა საქართველოს მხრიდან. აღნიშნულმა სასამართლომ აანაზღაურა მხოლოდ მორალური ზიანი და ხარჯები. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა -- წლის -- აპრილს.

განცხადების ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის -- წლის -- ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, -- სასამართლოს მოსამართლის -- ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 4 წლის განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის -- წლის -- ივნისის განჩინებით -- განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.   

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის -- წლის -- ივლისის განჩინებით -- სასამართლოს ყოფილი მოსამართლის -- განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის -- წლის -- ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის -- წლის -- დეკემბრისა და  საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს -- წლის -- იანვრის გადაწყვეტილებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა თამარ დევდარიანმა და ნინო გიორგაძემ სრულად დაუჭირეს მხარი დისციპლინურ ბრალდებას და მოითხოვეს -- მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დადასტურება. კერძოდ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მათი აზრით მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული და სადისციპლინო კოლეგიამ საქმე უნდა განიხილოს არსებითად, ასევე, კოლეგიის გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე ყოფილმა მოსამართლე -- განაცხადა, რომ არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, ვინაიდან გასულია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების 5 წლიანი ვადა, მას 2009 წელს შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილების კანონით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა; -- განცხადებით, მან მოსამართლის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ასევე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებით, რაზედაც პასუხი არ მიუღია, ვინაიდან მისი განმარტებით ჯერ უნდა მოხდეს თანამდებობაზე აღდგენა და შემდეგ დისციპლინურ საქმეზე მსჯელობა. საბოლოოდ, --  სადისციპლინო კოლეგიის წინაშე  იშუამდგომლა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო  მის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოებით შეწყვეტა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ყოფილი მოსამართლის -- დისციპლინური საქმის (ფაქტობრივი გარემოებების) არსებითი განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგი სამართლებლივი საფუძვლების არსებობის გამო:

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად,  „მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია 5 წელი, ხოლო დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 1 წელი “.

ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ: ა) მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ვადა ამოიწურა; გ) მოსამართლე, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია დისციპლინური დევნა, დისციპლინური საქმის განხილვის დასრულებამდე გადადგება ანდა მას შეუწყდება სამოსამართლო უფლებამოსილება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დისციპლინური საქმის განხილვის დროისათვის, -- შეწყვეტილი აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა. ასევე, დადგენილია, რომ დისციპლინური პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, კერძოდ, 2004 წლის 3 დეკემბრიდან გასულია კანონით დადგენილი ერთწლიანი ვადა, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან, კერძოდ, 2004 წლიდან კი - დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად- ხუთწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ამავე კანონის 49-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სადისციპლინო კოლეგიას შეუძლია მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, სადისციპლინო კოლეგიის სათათბირო ოთახში გასვლამდე“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის  ‘’ა’’ და ‘’გ’’ ქვეპუნქტებით, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს დისციპლინური საქმის წარმოება -- სასამართლოს ყოფილი მოსამართლე -- მიმართ.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები, კანონით დადგენილ ვადაში, გაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებსა და ორგანოებს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.

 

      თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

          წევრები   -   თეა ძიმისტარაშვილი

                              ნიკოლოზ მარგველაშვილი

                              ქეთევან ბექაური

                              თეა ჯუღელი

 

                  

                   

 

                

                     

 

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI