სადისციპლინო კოლეგიის 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება 1/01-15

 

 

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

 

 

საქმე №1/01-15                                                                        21 იანვარი 2016 წ. თბილისი

 

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე

გიორგი ტყავაძე

 წევრები:

 

შალვა კაკაურიძე

 

 

შორენა ყაველაშვილი

 

 

ქეთევან ბექაური

 

 

თეა ჯუღელი

 

 

მდივანი – ეკატერინე თავდუმაძე

 

მხარეები:

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები --- და ---;

--- სასამართლოს მოსამართლე ---;

--- სასამრთლოს მოსამართლე --- წარმომადგენლები --- და ---.

 

დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე --- სასამართლოს მოსამართლე --- მიმართ და

 

:

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ამავე საბჭოს თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის (რეგისტრაციის №285) საფუძველზე, დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება --- სასამართლოს მოსამართლე --- მიმართ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 27 ნოემბრის №285-15 გადაწყვეტილებით --- სასამართლოს მოსამართლე --- მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა – ჩადენისათვის.

მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:

2015 წლის 6 ოქტომბერს, --- სასამართლოში (მოსამართლეები – ---, --- და ---) ბრალდებულების - ---, ---, ---, --- და --- სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ სხდომაზე დაცვის მხარემ (ადვოკატები – ---, ---, --- და ---) დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე --- აცილების თაობაზე.

--- სასამართლოს --- სამართლის საქმეთა კოლეგიის (მოსამართლეები – --- და ---) 2015 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მოსამართლე --- აცილებულ იქნა საქმის განხილვისაგან.

1. --- სასამართლოს --- სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა მოსამართლე --- აცილების თაობაზე შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით დაყენების შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ (---) უარი განაცხადა შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით დაყენების თაობაზე, რა დროსაც მოხდა შეკამათება დაცვის მხარესა და სხდომის თავმჯდომარეს შორის.

კერძოდ, 2015 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერის თანახმად, მოსამართლე --- შემდეგნაირად მიმართავს დაცვის მხარეს: „მე მინდა, როგორც იურისტებს განგიმარტოთ, რომ თქვენი იურიდიული აზროვნება, რაღაც ძალიან შემაშფოთებელია, მარტივად რომ ვთქვათ. არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“.

მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლე --- საჯაროდ გამოხატა უარყოფითი აზრი ადვოკატების პროფესიონალიზმთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

2. --- სასამართლოს --- სამართლის საქმეთა კოლეგიის (მოსამართლეები – --- და ---) 2015 წლის 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა შუამდგომლობის (მოსამართლე --- აცილების შესახებ) პრეზენტაციის ფორმით წარდგენის თაობაზე. აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლე --- აკეთებს განმარტებას: „მე მაშფოთებს ის პრეცედენტი, რაც ჩვენ ეხლა შევქმენით. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. სამწუხაროდ ჩემმა კოლეგებმა, პირდაპირ ვამბობ, რომ მიიღეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ამ პრეცედენტის შექმნასთან დაკავშირებით“.

მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლე --- უპატივცემულოდ მოიხსენია მოსამართლეების – --- და --- მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-6 მუხლის მოთხოვნებს.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა --- და --- სრულად დაუჭირეს მხარი დისციპლინურ ბრალდებას.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე მოსამართლე --- განაცხადა, რომ იგი ადასტურებს ადვოკატების მიმართ სასამართლო სხდომაზე მის მიერ განცხადების გაკეთების ფაქტს, კერძოდ: „მე მინდა, როგორც იურისტებს განგიმარტოთ, რომ თქვენი იურიდიული აზროვნება, რაღაც ძალიან შემაშფოთებელია, მარტივად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“, ასევე, არ უარყოფს კოლეგა მოსამართლეების მისამართით გაკეთებულ შეფასებას, კერძოდ: „მე მაშფოთებს ის პრეცედენტი, რაც ჩვენ ეხლა შევქმენით. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. სამწუხაროდ ჩემმა კოლეგებმა, პირდაპირ ვამბობ, რომ მიიღეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ამ პრეცედენტის შექმნასთან დაკავშირებით“.

პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით მოსამართლემ განმარტა, რომ ადვოკატების მისამართით გაკეთებული განცხადებით მან მოახდინა ადვოკატების პოზიციის შეფასება, რომელთაც სასამართლოს მიმართეს სხდომის თავმჯდომარის აცილების შუამდგომლობის პრეზენტაციის სახით დაყენების შესახებ, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა და რასაც თან ახლდა აგრესიული ფონი და უპატივცემულო დამოკიდებულება მისი, როგორც სხდომის თავმჯდომარის მიმართ. მოსამართლე ---, ასევე, განმარტა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით ადვოკატების მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობლობით გათვალისწინებული რაიმე სახის ღონისძიება არ გამოუყენებია, ვინაიდან მას ამის საშუალება არ მისცეს კოლეგა მოსამართლეებმა.

რაც შეეხება მოსამართლეების მისამართით გაკეთებულ შეფასებას, მოსამართლე --- სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე განმარტა, რომ ეს იყო განსხვავებული აზრის გამოხატვა და მას, როგორც სხდომის თავმჯდომარეს, ჰქონდა ვალდებულება საზოგადოებისთვის განემარტა საკუთარი დამოკიდებულება მისი კოლეგების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და აღნიშნული ქმედებით მას არ გამოუხატავს უპატივცემულობა კოლეგების მიმართ. მოსამართლე ---, ასევე, განმარტა, რომ მისი კოლეგები მოექცნენ ადვოკატების ზეგავლენის ქვეშ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება (აცილების შუამდგომლობის პრეზენტაციის სახით დაყენების თაობაზე დაკმაყოფილების შესახებ) წარმოადგენდა მისი დამოუკიდებლობის შელახვას. ამასთან, მოსამართლემ განაცხადა, რომ არ იცოდა კოლეგიაში მოუშაობა, არ ჰქონდა გავლილი სამოსამართლო ეთიკის ტრენინგი და ვერ წარმოიდგენდა თუ ნეგატიურ ასპექტში მოსამართლის შეფასებითი მსჯელობები შეიძლება აღქმულიყო ეთიკის ნორმების დარღვევად.

მოსამართლე --- მიუთითა, რომ ორივე შემთხვევაში ის მოქმედებდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების - გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მან მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევად, ვინაიდან მისი მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და იგი მომავალშიც გააკეთებს მსგავს განცხადებებს.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად სცნო დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულად ცნობის და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ სადისციპლინო კოლეგიაში საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ბრალეულად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, სადისციპლინო კოლეგიას ავალდებულებს, დაადგინოს ამავე კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, კერძოდ, „...ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.

საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მე-6 მუხლის თანახმად, მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე, აგრეთვე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს სხვა მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამავე წესების მე-9 მუხლის თანახმად, მოსამართლე ღირსებითა და სათანადო თავაზიანობით უნდა ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას. ამასთან, სასამართლო სხდომის დარბაზში სხდომის თავმჯდომარე (მოსამართლე) ვალდებულია უზრუნველყოს წესრიგის დაცვა, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და პროცესის დამსწრე ყველა პირისაგან მოითხოვოს კორექტული დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ.

ამავე წესების მე-12 მუხლის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია სათანადო რეაგირება მოახდინოს სასამართლოს მოხელის, მხარის ან მისი წარმომადგენლის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევაზე.

ამავე წესების მე-20 მუხლის თანახმად, მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. ამასთან, მოსამართლემ სასამართლო მოხელესაც უნდა ურჩიოს თავი შეიკავოს ამგვარი განცხადების გაკეთებისაგან.

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების 1.6 მუხლის თანახმად, მოსამართლემ უნდა გამოავლინოს და განავითაროს სამოსამართლო ქცევის მაღალი სტანდარტები, რათა გაამყაროს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა სასამართლო დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

ამავე პრინციპების 4.1 მუხლის თანახმად, მოსამართლისთვის  დაუშვებელია არაკორექტული ქცევა მის თანამდებობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას.

ამავე პრინციპების 4.2 მუხლის თანახმად, საზოგადოების მხრიდან მუდმივი ყურადღება ვალდებულს ხდის მოსამართლეს, დაიცვას რიგი შეზღუდვებისა; და, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი მოქალაქისათვის ეს შეზღუდვები შესაძლოა სამძიმო იყოს, მოსამართლე მათ ნებაყოფლობით და მზადყოფნით იღებს. კერძოდ, მოსამართლის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს მისი თანამდებობის მაღალ სტატუსს.

ამავე პრინციპების 6.6 მუხლის თანახმად, მოსამართლემ უნდა შეინარჩუნოს წესრიგი და ეტიკეტი სასამართლოში მიმდინარე ყველა სხდომაზე, იყოს მომთმენი, ღირსეული და თავაზიანი მხარეების, მსაჯულთა, მოწმეების, ადვოკატების და სხვათა მიმართ, რომელთანაც უწევს ურთიერთობა ოფიციალური სტატუსით.

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების კომენტარების 214-ე მუხლის თანახმად, მოსამართლემ უნდა მოთოკოს გაღიზიანება და რისხვა. იმის მიუხედავად, თუ რა არის განხილვის კონკრეტული საგანი, მოსამართლის რეაქცია მშვიდი და მოზომილი, გაწონასწორებული უნდა იყოს. მაშინაც, თუ ადვოკატის უხეში ქცევა მის პროვოცირებას ისახავს მიზნად, მოსამართლემ სათანადო ზომები უნდა მიიღოს დარბაზზე კონტროლის შესანარჩუნებლად, ადვოკატის მიმართ რაიმე საპასუხო ზომების გარეშე. თუ შენიშვნა აუცილებელია, ზოგჯერ უმჯობესია, ის საქმის განხილვის დროს არ გაკეთდეს.

ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) 2002 წლის №3 დასკვნის 22-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებრივი ნდობა და პატივისცემა სასამართლო ხელისუფლებისადმი სასამართლო სისტემის მუშაობის ეფექტიანობის გარანტიებს წარმოადგენს: ცალსახად ნათელია, რომ სამოსამართლო ქცევა პროფესიულ სფეროში საზოგადოების წევრების მიერ განიხილება, როგორც სასამართლოების მიმართ ნდობის განუყოფელი ნაწილი.

ამავე დასკვნის 50-ე მუხლის VI პუნქტის თანახმად, ისინი პატივს უნდა სცემდნენ პროცესის ყველა მონაწილეს და ასევე, იმ პირებს, რომლებზედაც გავლენა აქვს ამ სასამართლო პროცესს.

მოსამართლეთა სტატუსის შესახებ ევროპული ქარტიის (სტრასბურგი, 8-10 ივლისი, 1998 წელი) 4.3. მუხლის თანახმად, მოსამართლემ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქცევისა და მოქმედებისაგან ან გამოვლინებისაგან, რამაც შეიძლება რეალურად შეარყიოს რწმენა მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი.

მოსამართლეთა უნივერსალური ქარტიის (ტაივანი, 17 ნოემბერი, 1999 წელი) მე-5 მუხლის თანახმად, მოსამართლემ თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს თავშეკავებულად და გაუფრთხილდეს სასამართლოსა და ყველა მონაწილე პირთა ღირსებას. (ასევე იხილეთ[1]).

 

  1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა მოსამართლე --- აცილების თაობაზე შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით დაყენების შესახებ. სხდომის თავმჯდომარემ (---) უარი განაცხადა შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით დაყენების თაობაზე, რა დროსაც მოხდა შეკამათება დაცვის მხარესა და სხდომის თავმჯდომარეს შორის. სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერის თანახმად, მოსამართლე --- დაცვის მხარის წარმომადგენლებს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „მე მინდა, როგორც იურისტებს განგიმარტოთ, რომ თქვენი იურიდიული აზროვნება, რაღაც ძალიან შემაშფოთებელია, მარტივად რომ ვთქვათ. არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“.

მოსამართლე --- განმარტა, რომ აღნიშნული საქმის განხილვისას ადვოკატებმა შექმნეს ნერვული, დაძაბული ატმოსფერო, არაეთიკური ქმედებებით აშკარად გამოხატეს უპატივცემულობა არამხოლოდ მოსამართლის, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების მიმართ და მათ მიზანს წარმოადგენდა სასამართლო ხელისუფლების და კონკრეტული მოსამართლის დისკრედიტაცია. ამასთან, მოსამართლემ ვერ შესძლო სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით ადვოკატების მიმართ კანონმდებლობლობით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება, ვინაიდან მას ამის საშუალება არ მისცეს კოლეგა მოსამართლეებმა, ხოლო მოსამართლის განცხადება, რომელიც გამოხატულ იქნა კორექტული ფორმით, მიზნად ისახავდა ადვოკატებისთვის მითითებას, რათა კომპეტენტურად წარმოეჩინათ სამართლებრივი საკითხები. შესაბამისად, მოსამართლე --- აზრით, აღნიშნული არ შეიძლება გაგებულ იქნეს მოსამართლის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევად.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსამართლე --- მიერ სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მან ვერ შესძლო სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით ადვოკატების მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობლობით გათვალისწინებული რაიმე სახის ღონისძიების გამოყენება, ვინაიდან მას ამის საშუალება არ მისცეს კოლეგა მოსამართლეებმა. სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლე აღჭურვილია მთელი რიგი საკანონმდებლო ბერკეტებით. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XI თავი განსაზღვრავს საპროცესო პასუხისმგებლობას სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც პროცესის მონაწილის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში უფლებამოსილია ზეპირი შენიშვნა მისცეს მას და მოუწოდოს, შეწყვიტოს არასათანადო ქცევა. აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პირის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, მოსამართლის მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას. ამასთანავე, აღნიშნული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა ან პატიმრობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ თუ მოსამართლეს მიაჩნია, რომ პროცესის მონაწილე მხარეების  მხრიდან ადგილი აქვს სასამართლოს უპატივცემულობას ან რაიმე სახის არაეთიკურ ქმედებას, მაშინ მოსამართლე ვალდებულია, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ღონისძიება.

ამდენად მოსამართლის განცხადება „მე მინდა, როგორც იურისტებს განგიმარტოთ, რომ თქვენი იურიდიული აზროვნება, რაღაც ძალიან შემაშფოთებელია, მარტივად რომ ვთქვათ. არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“ ვერ იქნება მიჩნეული დაცვის მხარის ქმედების შესატყვის პროპორციულ და ეთიკურ ქმედებად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსამართლესა და ადვოკატებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის, სხდომაზე არსებული დაძაბული გარემოს და მოსამართლის განცხადების შინაარსის მთლიანობაში გაანალიზების შედეგად, სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული განცხადებით მოსამართლემ მოახდინა პროცესის მონაწილე მხარის პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის შეფასება. კერძოდ, მოსამართლეს მიაჩნდა, რომ აცილების თაობაზე შუამდგომლობის პრეზენტაციის ფორმით დაყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა არც კანონმდებლობა და არც სასამართლო პრაქტიკა, თუმცა მიუხედავად ამისა, ადვოკატები მოითხოვდნენ შუამდგომლობის სწორედ პრეზენტაციის ფორმით დაყენებას. ე.ი. მოსამართლის აზრით, მხარე მოითხოვდა ისეთი საპროცესო მოქმედების განხორციელებას, რასაც არ იცნობდა ქართული სასამართლო პრაქტიკა და კანონმდებლობა. აღნიშნულ მოთხოვნას შედეგად მოჰყვა შეკამათება დაცვის მხარესა და სხდომის თავმჯდომარეს შორის. შესაბამისად, მოსამართლის მიერ ამ დროს გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ცალსახად მიუთითებს, რომ მოსამართლის მხრიდან მოხდა ადვოკატების კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის შეფასება საჯაროდ, რაც გაკეთდა უარყოფით კონტექსტში. კერძოდ, ფრაზები „თქვენი იურიდიული აზროვნება, რაღაც ძალიან შემაშფოთებელია“ და „არაკომპეტენტურობაზე აღარ ვლაპარაკობ არაფერს“ გამოხატავს მოსამართლის უარყოფით დამოკიდებულებას ადვოკატების იურიდიულ აზროვნებასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსამართლე --- არგუმენტაციას, რომ ადვოკატების ქმედების საპასუხოდ მოსამართლის მიერ გაკეთებული განცხადება იყო კორექტული და აღნიშნული არ წარმოადგენს სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევას. სადისციპლინო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსამართლის განცხადება სცდება კორექტულობის და ეთიკურობის ფარგლებს და წარმოადგენს უარყოფითი აზრის/შეხედულების საჯაროდ გამოხატვას პროცესის მონაწილე მხარის პროფესიონალიზმზე.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, ასევე, განმარტავს, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თითოეული მოსამართლე მოქმედებს, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების სახელით. თითოეული მოსამართლის მიერ განხორციელებული ქმედება ზეგავლენას ახდენს სასამართლო სისტემის პრესტიჟზე, რაც პირდაპირ აისახება სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ყველა მოსამართლემ უნდა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს, რომ მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე თითოეული მათგანის საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოების მუდმივი, ლეგიტიმური ინტერესის საგანს. ამიტომ, მოსამართლე უნდა ზრუნავდეს მთლიანად სასამართლო ხელისუფლების პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების რწმენის დამკვიდრებასა და ამაღლებაზე. თითოეული მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს არა მხოლოდ საკუთარ, როგორც ცალკე აღებული მოსამართლისა და პიროვნების ავტორიტეტსა და პრესტიჟს, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

მოსამართლე ვალდებულია, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საჯარო გამოსვლებში მოერიდოს უარყოფითი აზრის ან შეხედულების გამოთქმას სხვა მოსამართლის პროფესიონალიზმსა და პირად თვისებებზე. მოსამართლემ საჯაროდ არ უნდა გამოხატოს საკუთარი უარყოფითი აზრი ან შეხედულება სხვა კოლეგების მიმართაც, მათ შორის ადვოკატების, ნოტარიუსების, პროკურორების და სამართალდამცავი ორგანოების სხვა თანამშრომლების მიმართ. მათი პროფესიონალიზმი და პირადი თვისებები არ წარმოადგენს მოსამართლის განსჯის საგანს.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია, ასევე, განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საქმის განხილვისას პროცესის მონაწილე მხარეების მხრიდან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არაკორექტულ, შეურაცხმყოფელ, პროვოკაციულ, არაეთიკურ ან რაიმე სახის შეუფერებელ ქმედებას მოსამართლის ან სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მოსამართლე, მისი მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, ვალდებულია, შეინარჩუნოს სიმშვიდე, არ გასცდეს ეთიკის ფარგლებს და იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს გააჩნია თმენის მაღალი ვალდებულება, რაც მას უზღუდავს უფლებას მის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაეთიკური ქმედების დროს განახორციელოს ანალოგიური საპასუხო მოქმედება.

საერთაშორისო დისციპლინური პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხარის მიერ მოსამართლის პროვოცირება შესაძლებელია იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, თუმცა არა გამომრიცხავი გარემოება (იხილეთ აშშ-ს დისციპლინური პრაქტიკიდან საქმე Michael J. Donohue;[2] აშშ-ს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს 1991 წლის გადაწყვეტილება საქმეზე Pau v. Yosemite Park & Curry Company,[3] სადაც მოსამართლემ ადვოკატს მიმართა: „მე არ მეგონა თუ მომიწევდა თქვენთვის სამართლის ლექციის ჩატარება”; დისციპლინური საქმე Bruce Van Voorhis,[4] სადაც მოსამართლემ ნაფიცი მსაჯულების თვალწინ ნეგატიურად შეაფასა დამცველის საუნივერსიტეტო განათლება). ყველა მოცემულ შემთხვევაში მოსამართლის ქმედება შეფასდა, როგორც უპატივცემულობის გამოხატულება პროცესში მონაწილე მხარეების მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსამართლე --- უგულებელყო საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მოთხოვნები. კერძოდ, მოსამართლე ვალდებული იყო, თავი შეეკავებინა და არ გამოეხატა საკუთარი პოზიცია დაცვის მხარის წარმომადგენლების კომპეტენტურობასა და კვალიფიკაციასთან მიმართებაში, რაც წარმოადგენს ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევას.

  1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო შემადგენლობის დანარჩენი 2 მოსამართლის (--- და ---) საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მოთხოვნა შუამდგომლობის (მოსამართლე --- აცილების შესახებ) პრეზენტაციის ფორმით წარდგენის თაობაზე, რის შემდეგაც, მოსამართლე --- განაცხადა: „მე მაშფოთებს ის პრეცედენტი, რაც ჩვენ ეხლა შევქმენით. ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. სამწუხაროდ ჩემმა კოლეგებმა, პირდაპირ ვამბობ, რომ მიიღეს აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება ამ პრეცედენტის შექმნასთან დაკავშირებით“.

მოსამართლე --- განმარტა, რომ კოლეგა მოსამართლეები მოექცნენ ადვოკატების ზეგავლენის ქვეშ, ჩაერიენ სხდომის თავმჯდომარის კომპეტენციებში და მისი იგნორირებით, კანონიერი დასაბუთების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც შექმნეს სასამართლო ხელისუფლების პრესტიჟისთვის მიუღებელი პრეცედენტი. აღნიშნული წარმოადგენდა კოლეგების მხრიდან მისი დამოუკიდებლობის შელახვას, რასაც მიეცა შეფასება და ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს კოლეგების მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებად და არაეთიკურ ქმედებად. ეს იყო კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილების ნეგატიური შეფასება გამოხატული კორექტული ფორმით. მოსამართლე --- განმარტებით, ის მოქმედებდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით აღიარებული და გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ ყოვლად დაუშვებელია მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის ან მისი გადაწყვეტილების საჯარო კრიტიკა ან უპატივცემულოდ მოხსენიება. სხვა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე აზრის გამოთქმა შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც განიხილავს საჩივარს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაშიც, აზრის გამოთქმა ხდება მხოლოდ მიღებულ გადაწყვეტილებაში. მაგალითად, თუ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განაჩენი, მან თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს გაუქმების საფუძვლები. მხოლოდ ამ პროცესუალურ დოკუმენტებში უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პროფესიული დამოკიდებულება გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის არგუმენტაციის მიმართ. ზეპირი შეფასების, კრიტიკის და უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა, არამხოლოდ სასამართლო პროცესზე, არამედ არასამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროსაც, ზიანს აყენებს მოსამართლის და მთლიანად სასამართლო სისტემის ავტორიტეტს და პრესტიჟს.

სადისციპლინო კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე წარმოდნილ განმარტებაში მოსამართლე --- მიუთითა, რომ „მოსამართლეები მოექცნენ ადვოკატების ზეგავლენის ქვეშ“. სადისციპლინო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსამართლის მიერ მოსაზრების გამოხატვა მტკიცებით ფორმაში, რომ სხვა მოსამართლე მოექცა ვინმეს ზეგავლენის ქვეშ, არაკორექტული და შეურაცხმყოფელია და პირდაპირ აკნინებს, როგორც ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს, ასევე, მთლიანად სასამართლო სისტემის პრესტიჟს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში მოსამართლემ ასევე მიუთითა, რომ „აცილების შუამდგომლობის ამგვარი ფორმით დაყენება მიზნად ისახავდა სასამართლოში შექმნილიყო დაძაბული, ნერვიული ატმოსფერო და მოსამართლეებს შეზღუდვოდათ გონივრული განსჯის უნარი, რაც მიღწეულ იქნა“. მოცემულ შემთხვევაშიც მოსამართლე მტკიცებითი ფორმით გამოხატავს მოსაზრებას, რომ მის კოლეგა მოსამართლეებს „შეეზღუდად გონივრული განსჯის უნარი“, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად სცდება ეთიკურობის და კორექტულობის ფარგლებს და წარმოადგენს კოლეგა მოსამართლეების უპატივცემულობას.

აცილების შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებით მოსამართლე --- განმარტა, რომ ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო და კოლეგა მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ასევე, მოსამართლემ მიუთითა, რომ არც ერთმა მისმა კოლეგამ არ ჩათვალა საჭიროდ ან მასთან ერთად ან დამოუკიდებლად გაერკვიათ და შეესწავლად თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს შუამდგომლობაში დასმული საკითხები. სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე მოსამართლე --- წარმოადგინა სახალხო დამცველის წერილი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის ინტერვიუ (ინტერნეტიდან ამოღებული), რითაც მოსამართლის აზრით დასტურდებოდა მისი აცილების შუამდგომლობის უსაფუძვლობა. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საკითხზე მსჯელობა თუ რამდენად კანონიერად მოხდა აცილების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება  სცილდება სადისციპლინო კოლეგიისათვის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული საქმის განხილვის ფარგლებს.

სადისციპლინო კოლეგია, ასევე, ვერ გაიზიარებს მოსამართლის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ --- დააფიქსირა განსხვავებული აზრი სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას. ამასთან სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ განსახვავებული აზრი ჩამოყალიბებულ უნდა იქნას კორექტული ფორმით.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსამართლის მითითება, რომ მას არ გაუვლია სამოსამართლო ეთიკის ტრენინგი არ ამართლებს მის ქმედებებს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებანი; მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს სახელმწიფოებს, მოითხოვონ რადიომაუწყებლობის, ტელევიზიის ან კინოწარმოების ლიცენზირება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ უფლებათა განხორციელება მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას; ამიტომაც შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებსაც ითვალისწინებს კანონი და რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, უწესრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა და მორალის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის შესანარჩუნებლად.

აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, ვინაიდან კონვენცია ითვალისწინებს ამ უფლების შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იმ ვითარებაში, როდესაც აუცილებელია მორალის, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე სადისციპლინო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსამართლე --- მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადვოკატების და კოლეგა მოსამართლეების მიმართ გაკეთებული მისი შეფასებები ექცევა გამოხატვის თავისუფლების უფლების ფარგლებში, ვინაიდან სამოსამართლო მოვალეობების განხორციელებისას მოსამართლის ქცევას არეგულირებს საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები, რომლითაც დადგენილია გარკვეული შეზღუდვები მოქმედი მოსამართლეებისათვის.

საქმეზე ვილე ლიხტენშტეინის წინააღმდეგ (Wille v. Liechtenstain),[5] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: რამდენადაც აპლიკანტი იყო მაღალი რანგის მოსამართლე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ როდესაც სასწორზეა ამდაგვარ მოხელეთა გამოხატვის თავისუფლება, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ”მოვალეობები და პასუხისმგებლობები” იძენს განსაკუთრებულ შინაარსს, ვინაიდან სასამართლოში დასაქმებულ სააჯარო მოხელეებს ევალებათ გამოიჩინონ თავშეკავება აზრის გამოხატვის თავისუფლებისას, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მათი ავტორიტეტი და მიუკერძოებლობა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსამართლე --- მითითებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე: კარაგეა რუმინეთის წინააღმდეგ (Caragea v. Romania), ჰერტელი შვეიცარიის წინააღმდეგ (Hertel v. Switzerland), კუდეშკინა რუსეთის წინააღმდეგ (Kudeshkina v. Russia), ვინაიდან აღნიშნული საქმეები ეხება საჯარო დებატების თემას და არა კონკრეტულად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსამართლესა და პროცესის მონაწილეებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს.

სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპების კომენტარების 140-ე მუხლის თანახმად, არსებობს სიტუაციები, როცა მოსამართლე, როგორც მორალური პრინციპებისა და ღირებულებების მქონე ადამიანი, საკუთარი აზრის გამოთქმას ზნეობრივ მოვალეობად მიიჩნევს. მაგალითად, გამოხატვის უფლების განხორციელებისას მოსამართლეს შეუძლია შეუერთდეს 24-საათიან საპროტესტო დემონსტრაციას, ეჭიროს პლაკატი, ხელი მოაწეროს პეტიციას, იმის დასადასტურებლად, რომ ომი მისთვის მიუღებელია, მხარი დაუჭიროს ენერგიის რაციონალური გამოყენებისაკენ მიმართულ ძალისხმევას და სიღატაკესთან ბრძოლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსებას. ამით მოსამართლე გამოხატავს შეშფოთებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ან მსოფლიო საზოგადოებრიობას აწუხებს.

საზღვარგარეთის ქვეყნების სამოსამართლო კოდექსების ანალიზში (ა.ა. ჩერევკო სამოსამართლო ეთიკა დასავლეთევროპული სამართლებრვი ტრადიციების მიხედვით)[6] აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა ქცევამ უნდა უზრუნველყოს პატივისცემა მათი თანამდებობისადმი და დაიცვას სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა და პატივისცემა წარმოადგენს სასამართლო სისტემის ეფექტური მუშაობის გარანტიას.

დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება ხელს უწყობს ქცევის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას, რაც დაეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას დაანახოს საზოგადოებას და სასამართლოს, რომ არამართლზომიერი/არაეთიკური ქცევა დაუსჯელი არ დარჩება.[7]

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსამართლე --- უგულებელყო საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესების მოთხოვნები. კერძოდ, მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი საჯაროდ შეეფასებინა (გაეკრიტიკებინა) და უარყოფით კონტექსტში მოეხსენებინა მისი კოლეგების მიერ მიღებული გადაწყვეტილება (საოქმო განჩინება), სადისციპლინო კოლეგიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით მოსამართლე --- საფრთხე შეუქმნა სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას, რაც წარმოადგენს ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას - სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევას.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური სახდელის შერჩევისას გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი და მორალური რეპუტაცია, მხედველობაში მიიღო დისციპლინური გადაცდომების შინაარსი, სიმძიმე, შედეგები, რაოდენობა და მიიჩნია, რომ --- სასამართლოს მოსამართლე --- უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – საყვედური;

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე, 45-ე, 47-ე მუხლებით, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“’ ქვეპუნქტით, 53-ე, 54-ე, 541, 57-ე მუხლებით და

 

:

 

  1. --- სასამართლოს მოსამართლე --- ცნობილ იქნეს ბრალეულად „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის – სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევის – ჩადენისათვის და დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი – საყვედური;
  2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე

გიორგი ტყავაძე

 წევრები:

 

შალვა კაკაურიძე

 

 

შორენა ყაველაშვილი

 

 

ქეთევან ბექაური

 

 

თეა ჯუღელი

 

 

[1] ლიტვის მოსამართლეთა ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადამიანის პატივისცემის პრინციპების შესაბამისად თითოეულმა მოსამართლემ უნდა დაიცვას შემდეგი წესები: ყურადღებით მოუსმინოს პროცესში ჩართულ მხარეებს, როგორც ამას მოითხოვს კანონი, გულისყურით გაეცნოს და პასუხი გასცეს მათ მოთხოვნებსა და წინადადებებს ხოლო უარის შემთხვევაში მათ არასწორ მოთხოვნებს უპასუხოს ტაქტიანად, მაგრამ იმავდროულად მოსამართლემ ზომები უნდა მიიღოს პროცესის მსვლელობისას წესრიგის დამრღვევთა მიმართ

http://dcj.court.ge/uploads/Legislation/Foreign-Legislations/DCJ-ETHIC-CODE-LITHUANIA.pdf;

კალიფორნიის შტატის სამოსამართლო ეთიკის კოდექსის 3 (ბ) წესის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საკუთარი ფუნქციების შესრულებისას მხარეების, ნაფიცი მსაჯულების, მოწმეების, ადვოკატების და სხვა პირების მიმართ, ვისთანაც მოსამართლეს უწევს ურთიერთობა, უნდა იყოს მომთმენი, ღირსეული და თავაზიანი და უნდა ითხოვდეს მსგავს ქცევას ადვოკატებისგან და სასამართლოს თანამშრომლებისგან, რომლებიც მის დაქვემდებარებაში არიან;

ამავე კოდექსის 4 (დ) წესის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როდესაც მოსამართლისათვის პირადად არის ცნობილი, ან ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებისას, რომ ადვოკატმა ჩაიდინა არამართლზომიერი ქცევა ან დაარღვია პროფესიული ქცევის კოდექსის ნებისმიერი დებულება, მოსამართლემ უნდა გაატაროს შესაბამისი მოქმედება, რომელიც გამოაწორებს მდგომარეობას და რაც მათ შორის გულისხმობს შესაბამისი უწყებისათვის ინფორმაციის მიწოდებას.

 

[5] Application no. 28396/95, JUDGMENT, STRASBOURG, 28 October 1999, article 64.

[6] http://www.aspvestnik.com/2013_7-/article/17_cherevko.pdf

[7] იხილეთ კალიფორნიის სამოსამართლო ქცევის კომისიის დირექტორის, ვიქტორია ბიჰენლის რეკომენდაცია, სამოსამართლო ეთიკა და პასუხისმგებლობა, კონფერენცია მოსამართლის პროფესიის საკითხებზე, 2013 წლის 27-28 სექტემბერი, http://lawlibrary.info/ge/books/giz2013-ge-judicial_independence_and_judges_profession.pdf

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI