How to File a Disciplinary Complaint

 

თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ მოსამართლემ დაარღვია კანონი ან მოიქცა არაეთიკურად, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჩივარი მის წინააღმდეგ. მოსამართლე, ისევე როგორც ყველა მოქალაქე, თანასწორია კანონის წინაშე და პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით. ამასთან, თუ ფიქრობთ, რომ მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, საჩივარი წარედგინება პროკურატურას, ხოლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში - საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ან სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებს.

დისციპლინური გადაცდომა და დანაშაული განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც სიმძიმის, ასევე, იურიდიული შედეგების მიხედვით. დანაშაულია ყველა ის საზოგადოებრივად საშიში ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (სამოხელეო სფეროში ეს შეიძლება იყოს ქრთამის აღება (სსკ. 338-ე მუხლი), უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ. 332-ე მუხლი), კანონით აკრძალული საჩივრის მიღება (სსკ. 340-ე მუხლი), სამსახურებრივი სიყალბე (სსკ. 341-ე მუხლი და სხვ).  დანაშაულის ჩადენისთვის მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი.   

დისციპლინური გადაცდომა, მართალია უფრო ნაკლები საშიშროების შემცველია, ვიდრე დანაშაული, თუმცა ისინი ზიანს აყენებს მართლმსაჯულებას, სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს. კანონის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის სახეებია:

  • კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება[1]
  • მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან მოსამართლის მოვალეობებთან ინტერესთა შეუთავსებლობა[2]
  • მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას;
  • საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება;
  • მოსამართლის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება[3]
  • მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება;
  • დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა;
  • სამოსამართლო ეთიკის ნორმების დარღვევა[4];

კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა, დისციპლინურ გადაცდომას არ წარმოადგენს და მოსამართლეს აღნიშნული ქმედებისათვის არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან გასულია ხუთი წელი.

მოსამართლის წინააღმდეგ წარმოდგენილი საჩივარი შედგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით და პასუხობდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს. ის ასევე წარდგენილი შეიძლება იქნას ელექტრონული ფორმით.[5] ანონიმური საჩივარი ან განცხადება განსახილველად არ მიიღება. 

აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება მოსამართლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარეს მისი შეცვლა შეუძლია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით (სააპელაციო, საკასაციო საჩივრით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოებით და სხვ), ხოლო მოსამართლის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა გავლენას ვერ მოახდენს სასამართლო გადაწყვეტილებაზე და შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა.  

 


[1] მაგ. მოქალაქისგან იმ მომსახურების გაწევისთვის საფასურის მიღება, რაც კანონით უფასოა, კანონით დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურება და სხვ.

[2] საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

[3] მოსამართლემ საქმის განხილვის დროს შესაძლებელია დაარღვიოს კანონი, თუმცა ის შეიძლება იყოს არა დისციპლინური გადაცდომა, არამედ სასამართლო შეცდომა, რომლის გასწორებაც შესაძლებელია ზემდგომ ან იმავე ინსტანციაში სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებით.  დისციპლინური გადაცდომისა და სასამართლო შეცდომის გამიჯვნისას  მხედველობაში მიიღება  მისი გამოსწორებადობა, ხარისხი, განმეორებითი და არაერთგზისი ხასიათი, მოსამართლის კეთილსინდისიერება, მისი მოტივი. (იხ. სადისციპლინო კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება)   

[4] მაგ.  პროცესის მონაწილე პირთა არაეთიკური მოპყრობა, განსახილველ საქმეზე წინასწარ შექმნილი შეხედულების გამოხატვა, მხარეებთან კანონით აკრძალული ცალმხრივი კომუნიკაცია და ა.შ.

[5] საჩივრის ფორმები, შევსების ინსტრუქცია, ელექტრონული მისამართი იხილეთ საიტზე www.hcoj.gov.ge

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI