სადისციპლინო კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება № 2/01-2018 (eng)

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

№ 2/01-2018                                                                                                           24 სექტემბერი 2018 წელი

საქართველოს საერთო სასამართლოების

მოსამართლეთა სადიციოლინო კოლეგიამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე

წევრები:   თეა ძიმისტარაშვილი

ნიკოლოზ მარგველაშვილი

მიდვანი - თამარ გაგუა

 

მხარეები:

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

წარმომადგენლები: ვალერიან გავაშელი, ონისე მეტრეველი;

 

---  რაიონული სასამართლოს მოსამართლე  ---;

 

დახურულ სხდომაზე განიხილა დისციპლინური საქმე --- რაიონული სასამართლოს მოსამართლის --- მიმართ.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის -- ივლისის -- გადაწყვეტილებით  -- 2017 წლის 28 აპრილის N71, -- 2017 წლის 14 სექტემბრის N163 და -- 2017 წლის 25 სექტემბრის N167 საჩივრების საფუძველზე (საქმეები N71-17,  N163-17 და  N167-17 გაერთიანდა ერთ წარმოებად და დისციპლინურ საქმეს მიენიჭა N71/17), დისციპლინური დევნის აღძვრის წინასწარი შემოწმების შედეგად, ,,საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის თანახმად, --- რაიონული სასამართლოს მოსამართლის - --- მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რომლის საფუძველი გახდა ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა - საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება.

მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:

1.1 N71 საჩივრის ავტორი მიუთითებს, საქმის განხივის უსაფუძვლო გაჭიანურების ფაქტზე. კერძოდ, საჩივრის ავტორის განმარტებით, 2016 წლის 30 მარტს, მან როგორც --- წარმომადგენელმა, სარჩელით მიმართა --- რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - --- და სხვათა მიმართ, ნივთის უკანონო მფლობელობიდან  გამოთხოვისა და მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ. სასამართლომ, მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, 2016 წლის 5 მაისს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მხარეებს ჩაბარდათ ნოემბრის თვეში. ამასთან, მოპასუხეებმა აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საჩივრით, წარდგენილი შესაგებელი შეცდომით დაეწერა სხვა მოსამართლეს. ამდენად, მოპასუხეთა საჩივარი დაკმაყოფილდა და 2017 წლის 25 იანვარს მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა. საჩივრის ავტორის მითითებით, შესაგებელი წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი მოპასუხის მიერ, რის გამოც, არსებობდა სხვა - ექვსი მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მოსამართლემ, 2017 წლის 25 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ექვსი მოპასუხის მიმართ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხარეებს საჩივრის წარდგენის ეტაპზე არ აქვთ ჩაბარებული. გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთა წრეს დაემატა სამი პირი, რის გამოც, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სარჩელი,  რასაც მოსამართლის მხრიდან კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

1.2. N163 საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2015 წლის 9 ივნიის სარჩელით მიმართა --- რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - --- წინააღმდეგ, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. --- რაიონულ სასამართლოში ჩატარდა ერთი სხდომა, ხოლო მას შემდეგ, პროცესი არ ჩატარებულა.

1.3. N167 საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2015 წლის 29 სექტემბერს გაათავისუფლეს ---საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან. აღნიშნულის გამო, მან კანონით დადგენილ ვადაში, სარჩელით მიმართა სასამართლოს. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საქმის განხილვა დღემდე მოსამზადებელი სხდომის ეტაპზეა. ამასთან, მისივე მითითებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა საჩივრისათვის დასართავად გარკვეული დოკუმენტაციის მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, თუმცა სასამართლოს მიერ რეაგირება არ განხორციელებულა.

2.1 2016 წლის 30 მარტს, --- წარმომადგენელმა --- (28.04.17წ. N71 საჩივრის ავტორი) სასარჩელით მიმართა --- რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ---, ---, ---, ---, ---, --- და --- წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე.

2016 წლის 21 აპრილს, --- წარმომადგენელმა, --- --- რაიონულ სასამართლოს წარუდგინა - 2016 წლის 13 აპრილის მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

--- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 მაისს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, --- სარჩელი, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქ. ---, --- ქ. 28-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეზე გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა. 

--- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარეებს გადაეგზავნა 2016 წლის 15 ნოემბერს, რაც საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა 2016 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

--- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა ექვსი მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, გამომდინარე იქედან, რომ საქმეზე, კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი წარადგინა მხოლოდ ერთმა მოპასუხე - ---. მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა და --- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხეების: ---, ---, ---, --- და --- წინააღმდეგ,  უკანონო მფლობელობიდან ქ. ---, --- ქ. 28-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეზე გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა. 

2017 წლის 10 თებერვალს, მოსარჩელის წარმომადგენელმა დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და გაზარდა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, მოპასუხეთა წრეს დაემატა- ---, --- და ---. 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული განჩინების შესახებ, მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა 2017 წლის 20 თებერვალს.

2017 წლის 7 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს. 2017 წლის 7 მარტის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, აღნიშნული განჩინების შესახებ, მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა 2017 წლის 10 მარტს.

2017 წლის 22 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და სარჩელი მიღებულ იქნა განსახილველად. 2017 წლის 11 მაისს, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა - 2017 წლის 5 მაისის, მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

--- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხარეებს კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნათ 2017 წლის 4 მაისს.

--- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, --- წარმომადგენლის, --- სარჩელი მოპასუხეების --- წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრეზე გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა.

--- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სხვადასხვა საჩივრით გაასაჩივრეს ---, --- და --- (ცალკე). 2017 წლის 28 ივნისის განჩინებით, --- საჩივარი დარჩა განუხილველი.

--- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარეებს გადაეგზავნათ 2017 წლის 29 დეკემბერს.

--- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით --- და --- საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა 2017 წლის 25 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2.2 2015 წლის 9 ივნისს, --- სარჩელით მიმართა --- რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: --- წინააღმდეგ 33 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საზიარო ულების გაუქმებისა და 33 კვ.მ დამხარე სათავსოს მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოპასუხეთა შესაგებელი სასამართლოს წარედგინა - 2015 წლის 29 ივნისს.

აღნიშნული საქმე განსახილველად ეწერა მოსამართლე - ---, რაც 2016 წლის 9 მარტს განსახილველად გადაეცა - მოსამართლე ---.

--- რაიონული სასამართლოს მოსამართლის --- 2016 წლის 19 მარტის განჩინებით, აღნიშნულ საქმეზე 2016 წლის 1 აპრილს დაინიშნა მთავარი სხდომა.

2016 წლის 1 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა, სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, განუხილველი დარჩა --- სარჩელი, მოპასუხეების მიმართ საზიარო უფლების გაუქმების ნაწილში.  2016 წლის 1 აპრილის შემდგომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის მხრიდან რაიმე საპროცესო მოქმედება არ განხორციელებულა.

2.3 2015 წლის 28 ოქტომბერს, --- სარჩელით მიმართა --- რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის ააიპ --- სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების წინააღმდეგ, სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 29 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის  ანაზღაურების მოთხოვნით.

--- სარჩელი, -- რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განსახილველად და მოსარჩელეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში 2 თვის ვადაში წარდგენა დაევალა (2015 წლის 11 ნოემბრის აქტი).

2016 წლის 27 ნოემბერს, --- განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების 2015 წლის 12 ნოემბერს ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ააიპ --- მუნიციპალიტეტის --- --- დაწესებულებათა გაერთიანების შესაგებელი, --- რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბერს წარედინა.

აღნიშნულ საქმეზე 2016 წლის 15 აპრილს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა.  --- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები, ააიპ --- მუნიციპალიტეტის --- --- დაწესებულებათა გაერთიანებიდან, სხვადასხვა დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე.

2016 წლის 15 აპრილს, მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა --- რაიონულ სასამართლოს --- წინააღმდეგ, ზედმეტად მიღებული კომპენსაციის თანხის - 300 ლარის უკან დაბრუნების თაობაზე.

--- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობები, ააიპ --- მუნიციპალიტეტის --- --- დაწესებულებათა გაერთიანებიდან დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე.

2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.

--- რაიონული სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებები, სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 30 ნოემბერს.

2016 წლის 5 დეკემბერს ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელიც გადაიდო 2016 წლის 28 დეკემბერს.

2016 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა, სსიპ --- სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, სასამართლოს განჩინება,  სსიპ --- სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს გაეგზავნა 2017 წლის 18 ოქტომბერს. გამოთხოვილი ინფორმაცია სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 31 ოქტომბერს.

2017 წლის 3 ნოემბერს კვლავ ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, რომელიც გადაიდო 2017 წლის 22 ნოემბერს.

2017 წლის 19 დეკემბერს, --- დაზუსტებული სარჩელით მიმართა --- რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ააიპ თვითმმართველი თემის --- მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსა და სსიპ თვითმმართველი თემის --- მუნიციპალიტეტის სოფელ --- ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ, ააიპ --- მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 29 სექტემბრის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა  და მორალური ზიანის 3000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ბაჟის თანხის არასრულად გადახდის გამო.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე დისციპლინური საქმის განხილვისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა  ვალერიან გავაშელმა, ონისე მეტრეველმა სრულად დაუჭირეს მხარი დისციპლინურ ბრალდებას.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე მოსამართლე --- განაცხადა, რომ აღიარებს ვადის დარღვევას, განიცდის, რომ მხარემ ვერ მიიღო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება. ითხოვს, რომ ის გარემოებები რაც საფუძველი გახდა ამ დარღვევებისა ობიექტურად იქნას შეფასებული.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ განიხილა დისციპლინური საქმე, შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები, მოუსმინა დისციპლინური ბრალდების მხარეს, დადგენილად სცნო დისციპლინური ბრალდების ფაქტობრივი მხარე და მიიჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი სამართლებრივი ხასიათის გარემოებები:

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 7539-ე მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია ადგენს, ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ ქმედება, რომლისთვისაც მას წარედგინა დისციპლინური ბრალდება, და ამ კანონის შესაბამისად არის თუ არა ეს ქმედება დისციპლინური გადაცდომა. სადისციპლინო კოლეგია ასევე ადგენს, მიუძღვის თუ არა მოსამართლეს ბრალი დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში. მხოლოდ სამივე ამ გარემოების არსებობისას არის სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის ბრალეულად ცნობისა და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სახდელის დაკისრების შესახებ. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია შეცვალოს მოსამართლის ქმედების კვალიფიკაცია ამ კანონის 751  მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში მოსამართლის ბრალეულობის დადგენის სავალდებულოობა. თავის მხრივ, ბრალეულობის დასადგენად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის ობიექტური გარემოება, რამაც დისციპლინურ გადაცდომად შერაცხული კონკრეტული ქმედების ჩადენა განაპირობა.

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველო ორგანული  კანონის 751-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს - საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება.

იმისთვის, რომ სრულყოფილად შეფასდეს საჩივრის/საჩივრების საფუძველზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები შეიცავენ თუ არა მოსამართლის მიერ შესაბამისი პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს, აუცილებელია განისაზღვროს თავისი არსით რას წარმოადგენს საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, როდიდან უნდა ჩაითვალოს საქმე გაჭიანურებულად და რას გულისხმობს ტერმინი ,,უსაფუძვლო’’ .

მოსამართლის მიერ საქმის განხილვის შესაძლო უსაფუძვლო გაჭიანურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს (რომელიც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებას) და იმ კრიტერიუმებს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს მე-6 მუხლის დარღვევის დადგენის დროს (საქმის განხილვის გონივრული ვადის დარღვევის გამო).

ამასთან, იყო თუ არა საქმის განხილვის ვადები არაგონივრული, სასურველია შეფასდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, კერძოდ, ეს კრიტერიუმებია :

1) საქმის სირთულე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს, როგორც საქმის ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ სირთულესთან (Katte Klitsche de la Grande v. Italy, §55; Papachelas v. Greece, §39); რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე მხარის საქმეში ჩაბმასთან (H.V. United Kingdom, §72); მტკიცებულებების გამოკვლევასთან  (Human v. Poland, §63) და ა.შ. ამასთან, იმ შემთხვევაშიც როდესაც საქმე თავისი არსით სირთულით არ ხასიათდება, თუმცა ეროვნული კანონმდებლობა არ არის ნათელი ამ გარემოებამაც შეიძლება საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება გამოიწვიოს (Pupeni Greeck Catholic Parish and others v. Romania, §150); 

2) მხარეთა მოქმედებები, რაც გულისხმობს მაგალითად, ადვოკატთა ხშირ ცვლილებას (König Germany,  §103), შუამდგომლობებს, რომლებიც გამიზნულია პროცესის გასაჭიანურებლად, ან უბრალოდ დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან (Acquavuva v. Franco, §61), ასევე სხვა მოქმედებები, რომლებიც უკავშირდება ვადის გაგრძელებას;

3) საქმის განმხილველი მოსამართლის მოქმედებები; ყურადღება უნდა მიექცეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსამართლის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას/ჩაუტარებლობას (Pafitis and others v. Greece; §93; Tiece v.San Marino;  §31; Sürmeli v. Germany, §129 ) თუმცა, აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქმის განხილვის ვადა იყო გონივრული თუ არა უნდა შეფასდეს ყოველ საქმეზე ინდივიდუალურად, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით (Frydlender v. France, §43) და ერთიანობაში ყველა საპროცესო მოქმედების მხედველობაში მიღების შედეგად (König Germany,  §98).

მოსამართლე --- წარმოადგენს --- საქმეთა განმხილველ მოსამართლეს. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ საქმის განხილვის შესაბამის ვადებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასამართლო საქმეს განიხილავს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა. ამასთან ამავე მუხლის მე-31 პუნქტის თანახმად, ამავე კოდექსის 184-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამოქალაქო საქმეები განიხილება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენიდან ან მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარებიდან არაუგვიანეს 45 დღისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს  არა უმეტეს 60 დღისა.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 235-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეგზავნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში.

N71 საჩივართან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ --- წარმომადგენლის, --- სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2016 წლის 30 მარტს. მოსამართლემ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, გამოიტანა 2016 წლის 5 მაისს, თუმცა,  დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნა 2016 წლის 15 ნოემბერს, ანუ 6 თვის შემდეგ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივრის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა. საქმეზე მოსამზადებელი სხდომა  დაინიშნა 2017 წლის 25 იანვარს. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლემ მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოპასუხეთა გარკვეული ნაწილის მიმართ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2017 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნა 2017 წლის 4 მაისს, ანუ მეოთხე თვეს.

ასევე, 2017 წლის 22 მაისს, მოსამართლე --- მოპასუხეთა ნაწილის მიმართ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნა 2017 წლის 29 დეკემბერს, ანუ 7 თვის შემდეგ. ამასთან განსახილველი საქმის არსებითი განხილვა არ დასრულებულა იმ პერიოდისთვის როდესაც მიმდინარეობდა დიციპლინური საქმის განხილვა.

ამდენად, მოცემულ საქმეზე სამართალწარმოება გრძელდება 2 წელი და 4 თვე. ამასთან მხარეებს დაუსწრებელი გადაწყვეტილებები (სხვადასხვა) გაეგზავნა ექვსი თვის, სამი თვის და შვიდი თვის შემდეგ. აღნიშნული, მიუხედავად, --- რაიონულ სასამართლოში, მათ შორის, მოსამართლე --- წარმოებაში არსებული საქმეთა სიმრავლისა, მხარეთა მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებების სიმრავლის და თავად მოსამართლის მიერ განხორციელებული არაერთი საპროცესო მოქმედებისა, შეიცავს მოსამართლის მიერ აღნიშნულ საქმეზე ,,სართო სასამართლოების შესახებ’  საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს.

N163 საჩივართან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ --- საქმე თავდაპირველად განსახილველად ეწერა მოსამართლე - ---, ხოლო 2016 წლის 9 მარტს გადაეცა - მოსამართლე ---. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ 2016 წლის მარტის შემდგომ პერიოდში, მოსამართლე - --- მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები.

განსახილველ საქმეზე 2016 წლის 1 აპრილს ჩატარდა მთავარი სხდომა და შესაბამისი განჩინებით, სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის გამო, საზიარო უფლებების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სარჩელი დარჩა განუხილველი. აღნიშნულის შემდეგ  საქმეზე, მოსამართლე - --- მიერ, რაიმე საპროცესო მოქმედება არ განხორციელებულა. ამდენად, ერთი წლისა და 10 თვის განმავლობაში (02.02.18წ მდგომარეობით) მოსამართლის მიერ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა ცალსახად წარმოადგენს საქმის განხილვის ბრალეულ ,,უსაფუძვლო’’ გაჭიანურებას.

N167 საჩივართან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ --- სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2015 წლის 28 ოქტომბერს,  მოპაუხისათვის სარჩელის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი კი, 2015 წლის 27 ნოემბერს. განსახილველ საქმეზე მოსამართლე - --- ჩაატარა ექვსი მოსამზადებელი სხდომა, განიხილა მხარეთა არაერთი შუამდგომლობა და სხვადასხვა განჩინებით, სხვადასხვა ორგანიზაციიდან გამოითხოვა მტკიცებულებები (02.02.18 მდგომარეობით). თუმცა საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ მოსამართლემ მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, 2017 წლის 28 დეკემბრის განჩინება --- სახელმწიფო უნივერსიტეტს 2017 წლის 18 ოქტომბერს გაუგზავნა, ანუ 9 თვის და 20 დღის შემდეგ, რის გამოც, სასამართლოს ბრალეულობით, უსაფუძვლოდ გაჭიანურდა საქმის განხილვა. შესაბამისად, მოსამართლის ქმედება ამ მხრივ შეიცავს ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველო ორგანული  კანონის 751-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს.

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 7541-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად,  სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია გამოიტანოს ერთ-ერთი შემდეგი  გადაწყვეტილება: მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ.

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 7544-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სადისციპლინო კოლეგია იღებს დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში ბრალეულად ცნობის, მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან მოსამართლისათვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას, თუ სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმის განხილვისას ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა აღნიშნული მოსამართლის მიერ ამ კანონით გათვალისცინებული დისციპლინური გადაცდომის ბრალეული ჩადენა, მაგრამ დარღვევის მცირე მნიშვნელობის ან ბრალის უმნიშვნელო ხარისხის გამო ან სხვა მოტივით (საკითხის დელიკატურობის გამო ან სხვა მიზეზით, მოსამართლის პიროვნების გათვალისწინებით) სადისციპლინო კოლეგია მიზანშეუწონლად თვლის მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას და საკმარისად მიაჩნია მისთვის კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას თითოეული მოსამართლე მოქმედებს, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების სახელით. თითოეული მოსამართლის მიერ განხორციელებული ქმედება ზეგავლენას ახდენს სასამართლო სისტემის პრესტიჟზე, რაც პირდაპირ აისახება სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ყველა მოსამართლემ უნდა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს, რომ მოსამართლის მაღალი სტატუსიდან გამომდინარე თითოეული მათგანის საქმიანობა წარმოადგენს საზოგადოების მუდმივი, ლეგიტიმური ინტერესის საგანს. ამიტომ, მოსამართლე უნდა ზრუნავდეს მთლიანად სასამართლო ხელისუფლების პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი საზოგადოების რწმენის დამკვიდრებასა და ამაღლებაზე. თითოეული მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს არა მხოლოდ საკუთარ, როგორც ცალკე აღებული მოსამართლისა და პიროვნების ავტორიტეტსა და პრესტიჟს, არამედ მთლიანად სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

სადისციპლინო კოლეგია განმარტავს, რომ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებასა და გონივრულ განხილვას შორის შუალედური მიჯნის პოვნა მხოლოდ კონკრეტული ერთეული შემთხვევების დეტალური განხილვისა და შეფასების საგანია. განსახილველ შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსამართლე --- მიერ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება არ არის ინსპირირებული დანაშაულებრივი ნიშნებით და მეტწილად გამოწვეულია მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეთა სიმრავლით, მისი მცირე სამოსამართლო გამოცდილებით, ამასთან უფლებამოსილების განხორციელება პერიოდულად უწევდა მოსამართლის თანაშემწის გარეშე. გარდა აღნიშნულისა გასათვალისწინებელია, რომ მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლე --- პარალელურად უწევდა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელება ადმინისტრაციული საქმეებზე და ასევე ევალებოდა მაგისტრანტი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება --- მუნიციპალიტეტში.

ამგვარად საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას, გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი და მორალური რეპუტაცია, მხედველობაში მიიღო დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, შედეგები, რაოდენობა და მიიჩნია, რომ --- რაიონული სასამართლოს მოსამართლე --- უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოყენებულ იქნეს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება – კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ იხელმძღვანელა ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 7541-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 7544-ე, 7552-ე მუხლით  და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. --- რაიონული სასამართლოს მოსამართლე --- ცნობილ იქნეს ბრალეულად ,, საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 751-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის (საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება) ჩადენისათვის და დაეკისროს დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება -კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებს და ორგანოებს.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, გადაწყვეტილების გადაცემიდან 10 დღის ვადაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მეშვეობით.

  •                                                                    ამირან ძაბუნიძე

 

წევრები:                                                                            თეა ძიმისტარაშვილი

                 

                                                                                           

                                                                                               ნიკოლოზ მარგველაშვილი

USAID
This program was made possible by the generous support of the American people through the United States Agency for International Development (USAID). The contents are the responsibility of Disciplinary Committee for the Judges of the Common Courts of Georgia and do not necessarily reflect the views of USAID, the United States Government, or implementing partner.
EWMI