2014 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა სამუშაო შეხვედრის ფარგლებში უმასპინძლეს ევროპის საბჭოს პროექტ "მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში" მენეჯერს ქალბატონ მარიანა კიკუს და ამავე პროექტის ოფიცერს, თეა მაჩაიძეს.
ქალბატონმა მარიანა კიკუმ სადისციპლინო კოლეგიის წევრებს გააცნო ევროსაბჭოს ახალი პროექტის სამუშაო გეგმა და მოკლე აღწერა, ასევე, ის აქტივობები, რომლებიც ეხება დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და სამართალწარმოებას. სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა ქალბატონ მარიანას გააცნეს ქართულ დისციპლინურ სამართალწარმოებაში არსებული პრობლემები და სამომავლო გამოწვევები.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სხვადასხვა პუბლიკაციების გამოცემა, უცხოელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, ისევე როგორც სადისციპლინო კოლეგიის წევრების სავარაუდო ვიზიტი საზღვარგარეთ, უცხოური გამოცდილების შესწავლის მიზნით.