2014 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების სამუშაო შეხვედრა საქართველოს მოსამართლეთა ერთობის წევრებთან. ამ შეხვედრაზე კოლეგიის წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა საკუთარი მოსაზრებები ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
სადისციპლინო კოლეგიისა და მოსამართლეთა ერთობის წევრებს შორის გაიმართა დისკუსია დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის, როგორც მოქმედი, ასევე, ახალი საფუძვლები, რომელიც შესაძლებელია დაემატოს კანონს. კოლეგიის წევრებმა მოსამართლეთა ერთობას გააცნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და მოისმინეს მოსამართლეთა მოსაზრებები აღნიშნულ საფუძვლებთან დაკავშირებით. დისკუსია, ასევე, შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზღვარი დისციპლინურ გადაცდომასა და მოსამართლის შეცდომას შორის; მოსამართლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა, როგორც მხედველობაში მისაღები გარემოება; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სპეციფიკა.