2013 წლის 1 და 7 ოქტომბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ჩატარდა მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების შეხვედრა კომუნიკაციების საკითხში ამერიკელ ექსპერტ მარკ ვესტთან.
სადისციპლინო კოლეგიის წევრებმა მოისმინეს ექსპერტის რჩევები და მოსაზრებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება, სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის გამჭვირვალობა, მეტი გახსნილობა მოქალაქეების მიმართ, ახლადშექმნილი ვებგვერდის ეფექტური მართვა.
ექსპერტმა მარკ ვესტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს გააცნო ამერიკული გამოცდილება დისციპლინურ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. კალიფორნიის შტატის მოსამართლეთა ქცევის კომისიის ვებგვერდის მაგალითზე (http://www.cjp.ca.gov), ექსპერტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრებს ურჩია დისციპლინური გადაწყვეტილებების რეზიუმეების გამოქვეყნება ფართო საზოგადოებისათვის გასაგები ენით, რაც შესაძლებელს გახდის გადაწყვეტილების შინაარსის გაგებას, არამარტო იურიდიული წრეებისთვის, არამედ ნებისმიერ დაინტერესებული მოქალაქისათვის.